რამდენიმე მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.

საუბარია, ბათუმი (აგნისა ) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ხულო - გოდერძის მონაკვეთის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

პროექტის ფარგლებში ექსპროპრიაციას დაექვემდებარება - ხულოს რაიონის სოფელ დეკანაშვილში მდებარე მერაბ აბულაძის 214 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება; ხულოს რაიონში, დ.მამულაძის ქუჩაზე მდებარე იური შერვაშიძის 267 კვ. მეტრისა და იური შერვაშიძის, ნათია შერვაშიძისა და ნანა შერვაშიძის საკუთრებაში არსებული 272 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთები და მასზე განლაგებული უძრავი ქონება; ასევე ხულოს რაიონის სოფელ განახლებაში მდებარე შოთა თავართქილაძის 309 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრეებმა უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს. ამასთან, ბრძანების თანახმად, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა. მესაკუთრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ.