სამართლებრივად ჩუქების ხელშეკრულება არის, როცა მჩუქებელი დასაჩუქრებულს მისი თანხმობით ქონებას საკუთრებად უსასყიდლოდ გადასცემს. თუმცა, ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, დადასტურება სჭირდება. საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
როგორც იურისტი განმარტავს, არის რიგი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება გამოიწვიოს.
„მოქმედი კანონმდებლობით, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). პირობის შესრულება, მჩუქებლის გარდა იმ პირსაც შეუძლია მოითხოვოს, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული, ხოლო თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ასევე, ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ,“-აცხადებს გორდეზიანი.
თუმცა, იურისტს მიაჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების უმადურობის მოტივით გაუქმება ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევს.
„საქმე ის არის, რომ კანონმდებელი არ ახდენს დაკონკრეტებას, რა ითვლება უმადურობად, ამდენად ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებაზე ხდება დამოკიდებული,“- განმარტავს ანა გორდეზიანი.
რაც შეეხება ჩუქების გაუქმებისთვის მოთხოვნის პროცედურებს, როგორც იურისტმა აღნიშნა, განცხადების ვადად კანონმდებელი განსაზღვრავს სპეციალურ ვადას. ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
"ჩუქების გაუქმების შემთხვევაში, გაჩუქებული ქონება შეიძლება, მჩუქებელმა უკან გამოითხოვოს. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთი მოსთხოვოს, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს,“-აცხადებს გორდეზიანი.