ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროდას ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „საქართველოს თაიგული“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
საწარმოს ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში გაეწია. საწარმოში ჯამურად 428,520 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 171,408 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 150,000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, გურიის რეგიონის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, რევაზ ასათიანთან ერთად დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
კომპანია წელიწადში 15 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩაის აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე; სამომავლოდ იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში 2018 წლის ბოლოსთვის USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 170 ახალი და 845-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, გურიის რეგიონში შეიქმნა 7 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 7 საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.