თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საქართველოს ქვეყანათა ჯგუფის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა (Constituency Meeting).
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ხორვატიაში იმართება და დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია.
„შეხვედრაზე განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების, ამ შემთხვევაში, ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. ამასთან ერთად, საუბარი გვქონდა ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მცირე და მიკრო მეწარმეებს უფრო მარტივი მექანიზმებით მივაწოდოთ დაფინანსება და შესაბამისად, გავხადოთ ისინი უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საქართველოს ქვეყანათა ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრას, ასევე, ესწრებიან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, წლევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობას და მის შესაძლებლობებს.
„განიხილება ის მიმართულებები, რომელიც ეხება ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებს, იმ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შექმნას. ხდება გაზიარება იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამ კუთხით და ამავე დროს, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად, არა მარტო ამ ქვეყნების ჯგუფის მიერ, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.