საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 11 ივნისს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში ორ ახალ საწარმოს: შპს „ტიფლის ტექსტილს“ და შპს „ალუტექ ჯორჯიას“ ოფიციალურად გახსნის.
„აწარმოე საქართველოს“ ცნობით, შპს „ტიფლის ტექსტილ“ და შპს „ალუტექ ჯორჯია“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახორციელებს.
ამასთანავე, მათივე ინფორმაციით, შპს „ტიფლის ტექსტილმა“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, გ. ლორთქიფანიძის #81ა 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ, „ტიფლის ტექსტილმა“, საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა, წინდების წარმოების დაწყება და 50 ადამიანის დასაქმება შეძლო, ხოლო აღნიშნული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
შპს „ალუტექ ჯორჯია“, რომლის პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 499 000 ლარს შეადგენს, ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების, კერძოდ წლიურად 4 393 220 ლარის ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას შეძლებს. ამოქმედების პირველ ეტაპზე, კომპანიამ 32 ადამიანი დაასაქმა.
მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 363 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 880 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.