აშშ-ში მსოფლიოს უძლიერესი სუპერკომპიუტერი შექმნეს

აშშ-მა ჩინეთს გაასწრო და მსოფლიოში უმძლავრესი გამომთვლელი მანქანა შექმნა, რომლის წარმადობაც 200 პეტაფლოპს უდრის.

ამის შესახებ გამოცემა MIT Technology Review იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს კვლევითმა ლაბორატორიამ ტენესის შტატში, ქალაქ ოუკ-რიჯში, აამოქმედა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი სახელწოდებით Summit, რომლის პიკური წარმადობა აღწევს 200 პეტაფლოპს, ანუ 200 კვადრილიონ ოპერაციას წამში.

„Summit აწარმოებს გამოთვლებს და მილიონჯერ სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი ლეპტოპი და 60%-ით უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე არსებული სუპერკომპიუტერი - ჩინური Sunway TaihuLight, რომლის წარმადობაც 93 კვადრილიონ ოპერაციას შეადგენს წამში. მოწყობილობა ორი ტენისის კორტის ზომისაა და ავიალაინერზე მეტს იწონის“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, აქამდე მსოფლიოს სუპერკომპიუტერების ხუთეულში მხოლოდ ერთი ამერიკული სუპერკომპიუტერი შედიოდა სახელწოდებით Titan, რომელიც ასევე ოუქ რიჯშია განთავსებული, დანარჩენ პოზიციებზე კი 2 ჩინური, შვეიცარული და იაპონური სუპერკომპიუტერები იმყოფებოდა.

კოკა კვირკველია