ციფრული ვალუტების ფასები დაეცა

ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების ფასი დაეცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეაში, ჰაკერებმა ერთ-ერთი გამცვლელი პლატფორმიდან თანხა გაიტანეს.

ბიტფაინექსის პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი 6 800.8 დოლარამდე შემცირდა. ბოლო 24 საათში კლებამ თითქმის 8.0 პროცენტი შეადგინა. ბიტკოინის გარდა, ტოპ ასეულში შემავალი პრაქტიკულად ყველა ციფრული ვალუტის ფასიც დაეცა. იმავე პლატფორმაზე, 8.6 პროცენტით, 530.1 დოლარამდე შემცირდა ეთერიუმის ფასი. რიპლი 10.0 პროცენტით, 0.58395 დოლარამდე დაეცა, ლაიტკოინის ფასს კი 5.5 პროცენტი დააკლდა, რის შემდეგაც ფასმა 108.23 დოლარამდე დაიკლო.

სამხრეთ კორეაში ბაზირებული „კოინრეილის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირტუალური ვალუტების გაცვლის პლატფორმა უცნობმა ოპერატორებმა გატეხეს და იქიდან გარკვეული რაოდენობის ვალუტები გაიტანეს. განცხადებაში არ დაკონკრეტებულა, თუ რომელი ვალუტებია მოპარული და რა მოცულობით. პლატფორმა ამჟამად გამოძიებასთან ერთად, დანაკარგების აღდგენის გზების ძიებაზე მუშაობს.

„კოინრეილმა“ გამოძიების დასრულებამდე, მომსახურება შეწყვიტა და მისი აქტივები, რომლებიც ბირჟის ანგარიშებზე არსებული თანხის 70 პროცენტს შეადგენს, უსაფრთხო მისამართებზე გადაიტანა. კორეული გამცვლელი პლატფორმის გაძარცვის ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ბიტკოინის ფასის კლებამ 11 პროცენტს მიაღწია. სულ კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 53 პროცენტით არის შემცირებული.

„თუ ეს A-ს შეემთხვა, მაშინ იგივესგან არც B არის დაზღვეული და არც C. და ამ დროს, ვიღაც გაყიდვას იწყებს, რასაც ბაზარზე პანიკა მოჰყვება“, - ამბობს სინგაპურში ბაზირებული „ოანდას“ აზიის და წყნარი ოკეანის სავაჭრო შტოს შეფი სტივენ აინესი.

ჰაკერების მიერ გამცვლელი პლატფორმების გატეხვა იშვიათობა არაა. იანვარში გატეხეს იაპონური „კოინჩეკი“, რომლიდანაც დაახლოებით 530 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტები მოიპარეს.