თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის განახლება 2020 წელს დასრულდება.
როგორც ბალნეოლოგიური სპა კურორტის კომერციულმა მენეჯერმა, სალომე ყვავილაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, გარდა სამედიცინო მიმართულებისა, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ძველი ბალნეო პროცედურები აღდგა, სერვისებს ასევე დაემატა ველნეს სპა მიმართულება (იოგა, აკვა, აერობიკა, ფიტნესი, სოლარიუმი, ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია), გაიხსნა სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე გაიხსნება 130 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც სალომე ყვავილაშვილის თქმით, ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება.
მისი თქმით, ბალნეოლოგიური კურორტი ტურიტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი სამკურნალო თვისებების გამოც იქნება. კერძოდ, კურორტის მომსხურება როგორც სამედიცინო, ისე სარელაქსაციო პროცედურებს, მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახისა და პარაფინის აპლიკაციებს,
წყალქვეშა და მშრალ გაჭიმვებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს მოიცავს.
"ცენტრში მიმდინარეობს კარდიოლოგიური, პერიფერიული, ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დეტმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა",- განმარტა სალომე ყვავილაშვილმა.