„რეზონანსი" - მანიპულაცია, რომლითაც დეპუტატების ხელფასი გაიზარდა და კიდევ გაიზრდება

პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯი არ შეცვლილა, მაგრამ დეპუტატების ხელფასი გაიზარდა.

ცვლილება ხელფასისა და ბინის ქირის ხარჯის კომპონენტების გაერთიანებამ გამოიწვია, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს ტენდენცია თუ გაგრძელდა, პარლამენტარები 2020 წლისთვის 6000 ლარზე მეტს აიღებენ, რაც სავსებით მოსალოდნელია. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილი ხელფასების ზრდას კატეგორიულად უარყოფს.

საქმე ისაა, რომ 2017 წლის დეკემბერში დეპუტატების ხელფასი შეადგენდა 2000 ლარს, ხოლო ისინი 1790 ლარის ოდენობით იღებდნენ ე. წ. დანამატს, ანუ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას. ბინის ქირა, ცალკე აღებული, 833 ლარს შეადგენდა, რასაც ბოლო დრომდე ბიუჯეტური ანგარიშსწორების წესით, ცალ-ცალკე მუხლებით იღებენ. კომპონენტების გაერთიანების გამო ახლა ყველაფერს ერთად აღებულს ხელფასი დაერქვა და შეადგინა 4623 ლარი.

"ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა გარკვევას, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ცალ-ცალკე კომპონენტების სახელფასო სახით გაერთიანება და პარლამენტის ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, რაში გადაამეტა პარლამენტმა უფლებამოსილებას და რამდენად მისაღებია მექანიზმი, რა პრინციპითაც ხელფასის რეალური ზრდა ფიქსირდება.

სპეციალისტების არგუმენტით, პარლამენტმა ზომიერება ვერ დაიცვა და ფინანსური ანგარიშების არასამართლებრივი საშუალება გამოიყენა. მიუხედავად ამგვარი განწყობისა, დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ხელფასთან დაკავშირებით მხოლოდ მიდგომა შეიცვალა და მათი შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი პაატა კვიჟინაძე ირწმუნება, რომ პარლამენტი თავისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე ხელფასების ზრდას არ დაუშვებს.

"2012 წლიდან ხელფასი 1 თეთრითაც არ გაზრდილა, ერთ კვირაში ვიღებთ იმდენს, რამდენსაც 6 წლის წინ ვიღებდით. მეტი რა უნდა ვქნათ! რაც შეეხება ბინის ქირას, თანხა არც ამ მხრივ მომატებულა. ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტამდე არც ვაპირებთ, რომ ხელფასი გაიზარდოს, ასევე არ ვზრდით დეპუტატების პენსიას იმისდა მიუხედავად, რომ პენსიამ ზოგადად მოიმატა. ჩემი აზრით, სპეციალურად გაბერილი თემაა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ვარ და უამრავმა ფინანსურმა საკითხმა გაიარა ჩემს ხელში. გარწმუნებთ, რასაც ვიღებდით ადრე, ახლაც ის ხელფასია. 2020 წელს ახალი პარლამენტი აირჩევა და ის გადაწყვეტს, როგორ მიხედავს ამ საკითხს, დღესდღეობით არაფერი შეცვლილა.

რაც შეეხება ჩემს აზრს, საკმარისია თუ არა ხელფასი. ზოგადად საკმარისი არაფერია, მაგრამ პარლამენტის წევრს იმ სიტუაციაში, რაც ქვეყანაშია, ამაზე მეტი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ უფრო მეტად ორიენტირებული უნდა ვიყოთ ხალხის მომსახურებაზე და ეს ნამდვილად ასეა, ვერ დავასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომ ჩემი თანდასწრებით ვინმეს ხელფასების ზრდაზე განეცხადებინა", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა კვიჟინაძემ.

ცხადია, რომ ყველა დეპუტატი ასე სულაც არ ფიქრობს. სულ ახლახან პარლამენტის წევრის სარგოს შესაძლო მომატებას გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ხელფასის მომატება, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ ეტაპზე გამორიცხულია, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის წევრისთვის ამჟამინდელი ხელფასი არასაკმარისია და საკითხს, კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, მხარს აუცილებლად დაუჭერს.

"შეიძლება, მომავალ წელს განიხილონ ეს საკითხი და, რა თქმა უნდა, მას ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს, მაგრამ ახლა არ გამოვა. პირველი - იმიტომ, რომ ახლა ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა და, მეტროს მემანქანეების ხელფასების ნაცვლად, ჩვენ ანაზღაურებას არ მოგვიმატებენ. თანაც, მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები უკვე ასახულია", - აღნიშნა "მეტრონომთან" მაკრახიძემ.

როგორც აღვნიშნეთ, ხელფასთან არასახელფასო მუხლების გაერთიანება სპეციალისტებმა ნეგატიურ მოვლენად შეაფასეს. აუდიტური კონცერნის "ცოდნის" დამფუძნებელი გიორგი ცერცვაძე განმარტავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის ხელფასის შერწყმა არასახელფასო კომპონენტთან გამართლებული არ არის. სხვა თუ არაფერი, ამით საწარმოს (ამ შემთხვევაში, პარლამენტის) გამჭვირვალობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

"დაბეგვრის მიზნებისთვის ნებისმიერი მსგავსი ტიპის ანაზღაურება ხელფასთან არის გათანაბრებული. რაც შეეხება ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებს, ეს საკითხი კომპანიის შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული, შესაძლოა, ზოგი განიხილავდეს ხელფასის ნაწილად, ზოგი – სხვა ხარჯად. ამ კუთხით რამე დოგმატი არ არსებობს. ყველა კომპანია ინდივიდუალურად აფასებს, არის თუ არა ეს ხელფასის ხარჯი.

ჩემი აზრით, იმ ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, ბინის ქირისთვის განსაზღვრული თანხა ცალკე კომპონენტად უნდა აღირიცხებოდეს, რათა მეტი კონტროლი იყოს. სხვა კომპონენტები თუკი ხელფასის ზრდას იწვევს, ცალკე უნდა გამოიყოს, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს და საზოგადოებრივი, გნებავთ საჯარო კონტროლი არსებობდეს. ამ ორი კომპონენტის ცალ-ცალკე დატოვება გაცილებით გამჭვირვალე სურათს ქმნის, ვიდრე მათი გაერთიანება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი ცერცვაძემ.

პარლამენტის საბიუჯეტო შემოსავლების გადანაწილების არსებულ მექანიზმს სამართლის სფეროს სპეციალისტები აშკარად უპირისპირდებიან. ისინი ეჭვობენ, რომ გარკვეული მანიპულაცია მოახდინეს, რათა სამომავლოდ, როცა მაჟორიტარული სიების გაუქმება მოხდება, ბინის ქირის ხარჯზე გაბერილი ხელფასები ძალაში დატოვონ.

ასე ფიქრობს სამართლის დარგის წამყვანი სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომლის შეფასებითაც, დეპუტატებისთვის სამეურნეო მომსახურება რეალურად არის არაორგანიზებული და უფრო მეტად ინდივიდუალურ გადანაწილებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ბინის ქირის კომპენსაციის საკითხთან.

"ბინის ქირის ხელფასთან გაიგივება ნორმალური მოვლენა არ არის. რაც არ უნდა უარყონ, ფაქტია, რომ კომპონენტების შერწყმით დეპუტატებმა ანაზღაურება გაიზარდეს. სახეზე გვაქვს არასწორი დამოკიდებულება განკარგვად სახსრებთან დაკავშირებით. სხვა რომ არაფერი, კომპენსირება და ხელფასის ერთმანეთში შერწყმა იურიდიულად არასწორია.

გამოდის, რომ ხელფასი რეალურად გაიზარდა, მნიშვნელობა არა აქვს, კომპენსაციით თუ კომპენსაციის გარეშე. გარკვევით უნდა ითქვას: ბინის ქირის კომპენსაცია ყოველთვის უნდა იყოს ცალკე. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც საბიუჯეტო ხარჯები ხელფასთან მიმართებით არ აკმაყოფილებთ და მისი ზრდის სურვილი ყოველთვის იქნება. მაგალითად, შეიძლება, მომავალი მოწვევის პარლამენტარებმა ისევ მოითხოვონ ბინის ქირა ან სახელფასო დანამატი. გამოდის, რომ ახლა ეს ყველაფერი ხელფასში შეიყვანეს და მომავალში შესაძლოა, ხელახლა დადგეს ამ მომსახურების ანაზღაურების საკითხი.

ჩვენ არ ვართ ქვეყანა, როგორიც ვიყავით 25-30 წლის წინ, სხვა რეალობაა - გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი პარლამენტი, რომელსაც აქვს თავისი ბიუჯეტი. სასურველია, ის ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე იხარჯებოდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და არა -კანონდარღვევით", - აცხადებს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით პარლამენტის გამჭვირვალობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რეალურად ეს არის მანიპულაცია იმიტომ, რომ არ ვიცით, ვის აქვს ბინა, ვის - არა, ეკუთვნის ქირა თუ არ ეკუთვნის და სხვა. ერთი შეხედვით, საუბარია მაჟორიტარ დეპუტატებზე, მაგრამ მათ გარდა პროპორციული სიით არიან დეპუტატები რეგიონებიდანაც. ამ მდგომარეობას ჩვენ რეალურად ვერ ვხედავთ.

მოგეხსენებათ, ახალი კონსტიტუცია უკვე კარს მომდგარია, რომელიც უნდა შევიდეს ძალაში. შესაბამისად, მაჟორიტარული სია უქმდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, აქედან გამომდინარე, ეს სქემა მოიფიქრეს იმისთვის, რომ ხელფასის ზრდა მომხდარიყო, თუ სხვა რამ არის ჩადებული, ამაზე დანამდვილებით თქმა გაგვიჭირდება.

რაც არ უნდა ილაპარაკონ, მანიპულირება მოხდა. ხელფასი არის ხელფასი და ის იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და კონკრეტული პირის მიერ გაწეული ან გასაწევი შრომის მიხედვით გაიცემა. რაც შეეხება ბინის ქირას, ეს შრომის ანაზღაურება ნამდვილად არ არის და რა პრინციპით მიუერთეს სახელფასო ანაზღაურების კომპონენტს? ბევრი შეკითხვაა, რომელზეც პასუხები არ გვაქვს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩარგეიშვილმა.

დეპუტატები რომ 4624 ლარზე გაჩერებას არ აპირებენ, უკვე გამოაშკარავდა. 2020 წლის მოწვევის პარლამენტში დეპუტატის გასამრჯელო რეგლამენტით დადგინდება (ამჟამინდელი 4624 ლარი) და ისევ იქნება გათვალისწინებული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხაც, რომელსაც პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. ეს არის იგივე სახელფასო დანამატი (ზემოთ ნახსენები 1790 ლარი), რომელიც ახლახან გაერთიანდა ხელფასის კომპონენტში. გამოდის, რომ 2 წლის შემდეგ დეპუტატები თავიდან მოითხოვენ დანამატს და მიიღებენ კიდეც. გამორიცხული არ არის, იგივე კომბინაცია გათამაშდეს ბინის ქირასთან დაკავშირებითაც და პარლამენტარებს ის ხელახლა დაენიშნოთ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"