საქართველოში ტექნიკის ბაზარზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 110,000-ზე მეტი ტელევიზორი, 90,000-ზე მეტი გაზქურა, 100,000-ზე მეტი სარეცხი მანქანა და 50 000-ზე მეტი მაცივარი იყიდება.მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ყველაზე ნაკლებ პოპულარობით ჭურჭლის სარეცხი მანქანა სარგებლობს, მისი იმპორტი სარეცხი მანქანის იმპორტთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია.
სტატისტიკის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში 10 123 ერთეული ჭურჭლის სარეცხი მანქანის იმპორტი განხორციელდა, სულ 2 763,6 ათასი დოლარის ღირებულების. იმპორტირებული სარეცხი მანქანების რაოდენობამ კი 105 337 ერთეული შეადგინა, სულ 20 792,4 ათასი დოლარის ღირებულების.
რატომ არ არის საქართველოში ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე მოთხოვნა, ამაზე ტექნიკის მაღაზიებში ცალსახა პასუხი არ აქვთ. თუმცა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოსახლეობის დაბალ შემოსავლებს ასახელებენ. მათი თქმით, შესაძლოა, ადამიანები ამა თუ იმ პროდუქციის ყიდვისას უპირატესობას უფრო მეტად ისეთი ტიპის ტექნიკას ანიჭებენ, რომელსაც ბევრი ალტერნატივა არ მოეძებნება, მაგალითად, მაცივარი და ტელევიზორი.
„წლების წინ სარეცხი მანქანა ფუფუნების საგნად ითვლებოდა და ბევრი ვერ ყიდულობდა. მერე სიტუაცია შეიცვალა და ახლა სარეცხი მანქანა თითქმის ყველა ოჯახშია. მოგვიანებით, ფუფუნების საგნად ჩაითვალა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თუმცა ბოლო 2 წელია მასზე მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება მოთხოვნა. თუმცა ადამიანები შენაძენის განხორციელებისას უპირატესობას მაინც ისეთი ტიპის ტექნიკას ანიჭებენ, რომელთაც ალტერნატივა არ აქვთ“, - ასეთი პასუხი გაგვცეს „ბიზნესპრესნიუსს“ მსხვილი ტექნიკის მაღაზიებში.
იხილეთ ინფოგრაფიკა
ინფოგრაფიკის ავტორი ლიკა ამირაშვილი