სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში“.
„მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში“ - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები.
“ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია:
ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო.
შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად.
მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კომპონენტად.
ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში.
საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის.
ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით.
ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის.