გერმანიის მთავრობამ Daimler-ს ევროპიდან 774 ათასი ავტომობილის გაწვევა დაავალა

Daimler-ი ბაზრიდან 774 ათას ავტომობილს გაიწვევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

როგორც Bloomberg წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეხვედრაზე განიხილეს დიზელის ძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის საკითხი. მოლაპარაკებებისას გერმანიის ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ანდრეას შოიერმა მოითხოვა ავტომობილების „დაუყოვნებლივი ფორმალური გაწვევა“, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა გააყალბონ ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის გაფრქვევის შესახებ მონაცემი.

მწარმოებელი გეგმავს გააუმჯობესოს პროგრამული უზრუნველყოფა მინივენ Vito-ს ძრავებში და ასევე С-კლასის ორ მოდელში. უფრო ადრე კი აღნიშნული სამინისტრო დაემუქრა Daimler-ს 3,75 მილიარდის ოდენობის ჯარიმით. მაშინ უწყება ეჭვობდა, რომ ავტომობილებში უკანონოდ იყო დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც დაბლა სწევდა მავნე გამონაბოლქვის მონაცემს.

შეგახსენებთ, დიზელის გამო აგორებული სკანდალი გერმანული კომპანიებისთვის არახალია, ჯერ კიდევ 2015 წელს ძალიან ხმაურიან სკანდალში გაეხვა Volkswagen-ი, რომელიც ასევე მონაცემების გაყალბებაში ამხილეს. კომპანიას ეს „დიზელგეითის“ სკანდალი მილიარდობით დოლარი დაუჯდა.

კოკა კვირკველია