2017 წელს საქართველოს ეკონომიკამ, ექსპორტის კარგი მაჩვენებლების, სწრაფად მზარდი ტურიზმის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კერძო ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად, აღმავლობა განიცადა.
ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ბავშთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში.
„ამავე წელს, საბაზრო ფასების მიხედვით, საქართველოს ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 38,042 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 11.8%-იან ზრდას ნიშნავს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემების მიხედვით, 2017 წელს რეალური მშპ, წლიურ ჭრილში, 5%-ით გაიზარდა, ხოლო, 2015-2016 წლების მონაცემებით, მისი ზრდის ტემპი 3%-ზე დაბალი იყო. ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგარეო სექტორში განვითარებულმა დადებითმა ტენდენციებმა, კერძოდ, ექსპორტის ზრდამ (29.1%), კერძო ფულადი გზავნილებისა (19.8%) და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მატებამ (16.2%). ეკონომიკური აღმავლობა ასევე აისახა შემდეგი სექტორების რეალური ზრდის ტემპზე: სამშენებლო სექტორში – 11.2%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში – 11.2%-ით, ფინანსურ შუამავლობაში – 9.2%-ით, ტრანსპორტის სექტორში – 7.2%-ით, სამთო-მომპოვებელ სექტორსა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში – 7.1%-ით, ვაჭრობის სერვისებში – 6.6%-ით, უძრავი ქონების სექტორში (გაქირავებასა და ბიზნესაქტივობებში) – 6.3%-ით და მსუბუქ მრეწველობაში – 5.0%-ით. რეალური დამატებითი ღირებულების შემცირება აღინიშნა სოფლის მეურნეობაში, სატყეო სექტორსა და მეთევზეობაში (-2.7%) და შინამეურნეობების მიერ პროდუქტების გადამუშავებაში (-2.7%). 2018 წლისთვის საქართველოს საერთო ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზი დადებითია“, - ნათქვამია კვლევაში.