„ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა"

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის გაუმჯობესდა საბაზისო სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო იმის საფუძველი, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსების გზით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული სერვისები ხელმისაწვდომი გახდა.

კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რამაც ასახვა ჰპოვა სერვისების გამოყენების დონის ზრდასა და მასზე გაწეული ხარჯების ზრდაში. ჯანდაცვის პროგრამების შედეგად მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით, რაც თავის მხრივ ზრდის ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, 2.7%-დან 18.2%-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების ხვედრითი წილი, ვინც რეგულარულ სამედიცინო შემოწმების სერვისით სარგებლობდა. გაზრდილია სხვა სამედიცინო სერვისების გამოყენების მაჩვენებლებიც, მათ შორის ჰოსპიტალური მომსახურება 4.4 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე; ქირურგიული ოპერაციები - 3,6 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე, ორსულობის მონიტორინგი - 1.8 პროცენტიდან 2.3 პროცენტამდე.