მიუნხენის პროკურატურამ გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანია Audi გამონაბოლქვის შესახებ მონაცემების გაყალბებაში ამხილა.
„ორშაბათს კომპანიის გენერალური დირექტორის რუპერტ შტადლერის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა“ - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ამ დროისთვის გერმანიაში Volkswagen-ის წინააღმდეგ ერთდროულად სამი სისხლის სამართლებრივი ძიება მიმდინარეობს და სამივე მათგანში ფიგურირებს Audi. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ფონზე კომპანიის აქციებზე ფასები 0,5%-ით შემცირდა, ასევე მერყეობს Volkswagen-ის აქციების ფასიც.
შეგახსენებთ „დიზელგეიტის“ სკანდალში გერმანული ავტოგიგანტი 2015 წელს გაეხვა, რა დროსაც კომპანიამ აღიარა, რომ მონაცემები გააყალბა 11 მილიონ ავტომობილში, შედეგად კი მას დაეკისრა რამდენიმე მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა.
ამასთან, გამოცემა Bild am Sonntag-ის ინფორმაციით, გერმანიის ტრანსპორტის საკითხების მართვის ფედერალურმა ბიურომ 5 არაკანონიერი პროგრამული ფუნქცია აღმოაჩინა Daimler-შიც, რომელიც ასევე ხელს უწყობდა დიზელისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბებას. ამჟამად ორგანო აწარმოებს კვლევას, ხომ არ მოხდა ამ მოწყობილობების დამონტაჟება Daimler-ის მიერ წარმოებულ დიზელისძრავიან ყველა ავტომობილში.
კოკა კვირკველია