„ეფლმა“ თავისი მოწყობილობებით ციფრული ვალუტების მაინინგი აკრძალა

„ეფლმა“ გამოაცხადა, რომ მისი წარმოების ყველა მოწყობილობით, მათ შორის „აიფონით“, „აიპადით“, „აიმაკით“, „მაკბუკით“ და სხვებით, ციფრული ვალუტების მოპოვება-მაინინგი აკრძალა.

ამის მიუხედავად, ბიტკოინის და ბევრი სხვა ციფრული ვალუტის ფასი გაიზარდა. და მაინც, ბიტკოინის ფასი კვლავ 7 000 დოლარზე დაბლაა.

„ეფლმა“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ კონფერენციაზე გამოაცხადა. კომპანიამ თავის მოწყობილობებში კრიპტო ვალუტების მაინინგის აპლიკაციები დაბლოკა, ამის გარეშე კი ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების მოპოვება შეუძლებელი გახდება.

იმავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობებით კვლავ შესაძლებელი იქნება ციფრული საფულეებით სარგებლობა და ვალუტების გამცვლელ პლატფორმებზე მანიპულირება. მაგრამ ამ შემთხვევაში, საკუთარი აპლიკაციების განთავსებას მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული პროვაიდერები და გამცვლელი პლატფორმები შეძლებენ.

წლის დასაწყისში, მაკ-ის პროგრამა „კალენდარ 2“, რომელიც ციფრული ვალუტების მაინინგის ფუნქციასაც შეიცავდა, „აპ სტორის“ ჩამონათვალში გამოჩნდა. მოგვინებით ეს პროგრამა აპლიკაციების სიიდან ამოიღეს. კომპანიამ ასევე იზრუნა იმაზეც, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.