განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.