Tesla ხარჯების შემცირების მიზნით 4 ათას თანამშრომელს დაითხოვს

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla საკუთარი თანამშრომლების 9%-ს (4 ათასზე მეტ ადამიანს) სამსახურიდან გაათავისუფლებს.

აღნიშნულის მიზეზი უპირველეს ყოვლისა, ხარჯების შემცირება და ელექტრომობილების წარმოების რენტაბელურობის შენარჩუნებაა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა.

„ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში მან დაწერა, რომ აქვეყნებს შიდაკორპორაციულ ინფორმაციას, ვინაიდან ამ ცნობამ უკვე გაჟონა მედიაში. „ბოლო წლების განმავლობაში Tesla ვითარდებოდა მიზანმიმართულად, რამაც მიგვიყვანა გარკვეული სამსახურებრივი ფუნქციების დუბლირებამდე. ეს იყო გამართლებული წარსულში, თუმცა ახლა რთულია მისი გამართლება. ამის და დანახარჯების შემცირების აუცილებლობის გამო, ჩვენ მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება, ქვეყნის მასშტაბით შევამციროთ დასაქმებულთა რაოდენობა 9%-ით“, - წერს მასკი.

შეგახსენებთ, Tesla-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 710 მილიონი დოლარის წაგება აჩვენა. როგორც The Wall Street Journal წერდა, ეს იყო ზედიზედ მეხუთე კვარტალი, რა დროსაც კომპანიამ ვერ მოახერხა მოგებაზე გასვლა. 2017 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში კომპანიის დანაკარგებმა 619 და 675 მილიონი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია