ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ნება დართო სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ს შეიძინოს კონგლომერატი Time Warner 85 მილიარდ დოლარად.
ამის შესახებ CNN იუწყება.
გასული წლის ნოემბერში ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა აღნიშნული შერწყმა დაებლოკა. უწყების ანტიმონოპოლიურ სამსახურში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება აზარალებს ამერიკელ მომხმარებლებს, ვინაიდან გამოიწვევს ტელევიზიაზე ყოველთვიური გადასახადის გაზრდას, ასევე შეამცირებს არჩევანს, რომელიც გააჩნია აუდიტორიას.
თავის მხრივ, AT&T-იმ განაცხადა, რომ ტრანზაქციის აკრძალვის მიზეზს ვერ ხედავს და დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო მათ სასარგებლო განაჩენს გამოიტანდა.
CNN-ის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გამოტანილი აღნიშნული გადაწყვეტილებით ამერიკის იუსტიციის სამინისტროში იმედგაცრუებულები არიან და შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.
ნიუ-იორკული კომპანია Time Warner მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატია საინფორმაციო და გასართობ სფეროში. ის 1990 წელს შეიქმნა კომპანია Warner Communications-ისა და ბეჭდური გამოცემა Time Inc-ის შერწყმით.
1983 წელს დაარსებული AT&T კი ამერიკის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მობილური ოპერატორიცაა და ინტერნეტ პროვაიდერიც. დალასში მდებარე კომპანიის კლიენტების საერთო რაოდენობა 150 მილიონ ადამიანს შეადგენს.
კოკა კვირკველია