"თუ არის დასკვნა, სადაც მინიმალურად მაინც არის მშენებლობის რისკები, ასეთ მშენებლობებზე მერიის მხრიდან ნებართვები არ გაიცემა"

თუ მერიის რომელიმე სამსახურის მიერ დადებულია დასკვნა, სადაც მინიმალურად მაინც არის მშენებლობის რისკები, ასეთ მშენებლობებზე მერიის მხრიდან ნებართვების გაცემა არ ხდება , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს სტიქიის ზონაში მშენებლობების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ბედელიანმა აღნიშნა, რომ მშენებლობების უკვე გაცემული ნებართვების დოკუმენტაცია მერიას სრულად ჰქონდა შესწავლილი.

გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილემ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კიდევ იქნება წყალდიდობის საფრთხე, ქალაქი ამას მომზადებული შეხვდება.

„13 ივნისის სტიქიის შემდეგ ჩატარებული სამუშაოები პირობითად ორად შეგვიძლია გავყოთ - პირველ ეტაპზე ჩატარდა ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გადაუდებელი საჭიროებისთვის იყო აუცილებელი. ამ ინფრასტრუქტურის აღდგენის ჯამური ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე პრევენციის მიზნით ჩატარებულია სამუშაოები, მათ შორის გამოვყოფ მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებას, ნატანშემაკავებელი ცხაურებია დამონტაჟებული, რაც ეფექტურად მუშაობს, ასევე გვაქვს მინი სადგურები დამონტაჟებული კალაპოტთან და ზომავს წყლის დონეს მდინარეში და ნალექების რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კვლავ უხვი რაოდენობის ნალექის მოსვლას, საფრთხეები იქნება მომატებული, ქალაქი ამ პროცესს ბევრად უფრო მობილიზებული შეხვდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

რაც შეეხება სტიქიის ზონაში მშენებლობების საკითხს, დასმული კითხვის საპასუხოდ ბენდელიანმა განაცხადა:

„ზოგადად მშენებლობებზე რომ ვთქვათ პრობლემებს არ ქმნის, ეს ასე არ არის. ის მშენებლობები, რომლებზეც მერია გასცემს ნებართვებს, წარმოდგენილია სრულყოფილი დოკუმენტაცია. თუ რომელიმე სამსახურის მიერ დადებულია დასკვნა, სადაც მინიმალურად მაინც არის რისკები, ასეთ მშენებლობებზე მერიის მხრიდან ნებართვების გაცემა არ ხდება. თუ ჩვენს მიერ უკვე გაცემულია ნებართვები, სრულად გვაქვს დოკუმენტაცია შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ნებართვის გაცემა. მათ შორის გეოლოგიური დასკვნებიც შესწავლილია“, - განაცხადა ბენდელიანმა.