ორთაჭალაში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნაცვლად, მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი საუბრობს. მისი თქმით, 40-მილიონიან საინვესტიციო პროექტს ისრაელიდან ჩამოსული ინვესტორები განახორციელებენ, წინამდებარე ხელშეკრულება კი, სავარაუდოდ, 1 კვირაში გაფორმდება.
შეგახსნეებთ, რომ „ორთაჭალის ტურფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 3-ვარსკვლავიანი ამერიკული ბრენდის სასტუმროს განთავსება იგეგმებოდა, რომლის მშენებლობაც 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ გამოჩნდნენ სხვა ინვესტორები, რომლებმაც უკეთესი ვარიანტი შესთავაზეს.
მისი თქმით, მულტიფუნქციური ცენტრი იმავე ტერიტორიაზე აშენდება, თუმცა, ფართი გაიზრდება. ამასთან, გაიზრდება ივესტიციის რაოდენობაც და 20 მილიონის ნაცვლად, 40 მილიონი იქნება.
„ისრაელიდან ჩამოვიდნენ ინვესტორები, რომლებმაც უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზეს. სავარაუდოდ, იმ კვირაში უკვე წინამდებარე ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ეს იქნება საოფისე ფართს დამატებული სასტუმრო. ინვესტორებს უნდათ მაღალსართულიანი შენობა. ამასთან, მათი პირობაა, რომ ატლასის ტიპის შენობა აშენდეს. აქ ძირითადად საოფისე ფართები იქნება, რომლის მაღალ სართულებზეც სასტუმრო განთავსდება. თუმცა, რამდენ ნომრიანი იქნება, ეს ჯერ არ ვიცი. ინვესტორები ითხოვენ, რომ მინიმუმ 45 000 კვადრატული აშენდეს. როდესაც ზონის შეცვლაზე შევიტანთ განაცხადს, თუ ერთი სართულის 1500 კვადრატულზე განთავსების უფლება მოგვცეს, მაშინ შეიძლება, 35 სართულამდეც გაიზარდოს შენობის სიმაღლე“,-აცხადებს ვალერი გელაშვილი.
კონკრეტულად რას გულისხმობს ზონის შეცვლაში, ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიის გაფართოვებაა საჭირო.
„შენობა იმავე ადგილას განთავსდება, თუმცა იქვე, 3500 კვადრატული სახელმწიფო ტერიტორიაა, რომლის პრივატიზებაც განაცხადის შეტანა მინდა, რათა აუქციონით მომყიდონ. სხვანაირად, 40-მილიონიანი პროექტი ვერ განხორციელდება“,-აცხადებს გელაშვილი.
რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს, ბიზნესმენი ამბობს, რომ მშენებლობა 2 წელს გაგრძელდება და საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი ამ წელს ყველა წინა პირობის მოგვარება მოხდება.
„ჯერ ამ ადგილის ზონალურობა უნდა შეიცვალოს, რომ პროექტიც დავიწყოთ. საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ წელს საბუთების მოწესრიგება სრულად მოვასწროთ და პროექტი დავამტკიცოთ. 2 წელია დასრულების ვადა და შეიძლება, 2020 წლისთვის ვერ მოვასწროთ“,-აცხადებს ვალერი გელაშვილი.
ნინი ქეთელაური