საძოვრების მართვის, ეკოსისტემების დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე რეგიონული სემინარი ჩატარდება

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენლების მონაწილეობით, საძოვრების მართვის, ეკოსისტემების დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ორდღიანი რეგიონული სემინარი გაიხსნება.

სემინარში მონაწილეობას ოთხივე ქვეყნის სამინისტროების, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები მიიღებენ. სემინარს ასევე დაესწრებიან ნახშირბადის დაგროვების მონიტორინგის ექსპერტები გერმანიასა და მოლდოვადან.

რეგიონული შეხვედრის ორგანიზატორია პროგრამა Clima East – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარებაში.

თბილისის სემინარი პირველი რეგიონული შეხვედრაა, რომელიც Clima East პროგრამის ოთხ ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, საძოვრების მართვასთან დაკავშირებული საერთო პრობლემები განიხილონ და ჩამოაყალიბონ, თუ რა არის საჭირო ამ სფეროში პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისთვის.