გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, წასვლის წინ კი აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეკონომიკური პარამეტრები დაასახელა.„მთავრობამ შეგნებულად მიიღო ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღო მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში, უფრო ზუსტად 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე მართალია, ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მართლაც არ შეცვლილა, მეტიც, ზოგ შემთხვევაში სტატისტიკა გაუარესდა კიდეც. მაგალითად, ეკონომიკა 2,8-დან (2016 წელი) 5%-მდე (2017 წელი) გაიზარდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9146.4 დოლარიდან 10204,4 დოლარამდე.
თუმცა მიუხედავად ამისა, მოიმატა სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის რაოდენობამ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით 2016 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა 407 339 ადამიანი, დღეის მონაცემებით კი ეს რაოდენობა - 449 886-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობაც. კერძოდ, 2016 წლის დასაწყისში მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული იყო 146 200-მდე ადამიანი, დღეს კი ბაზაში 253 770 ჩანაწერია.