კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 14,9% სარგებლობს

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, კერძო კომპანიების სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14.9% სარგებლობს.ამის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვაშია ნათქვამი.

2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა 5.4 მილიონი ლარით - 84,46 მლნ-დან 89,83 მლნ ლარამდე გაიზარდა.

2018 წლის საანგარიშო პერიოდში 2017 წელთან შედარებით, ჯანმრთელობის დაზღვევაზე 14 885 პოლისით მეტია გაცემული. კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში გაცემული იყო 539 185 პოლისი; 2018 წელს - 554 070.

ამასთან, 2018 წლის პირველ კვარტალში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით და ბაზრის წილით პირველ ადგილზეა „ჯიპიაი ჰოლდინგი". კომპანიის მიერ დაზღვევის ამ სახეობით მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 30,28 მლნ ლარი, ბაზრის წილი კი იყო - 34%. შემდეგია „იმედი L" - მოზიდული პრემია 23,44 მლნ ლარი, ბაზრის წილი - 26%; ხუთეულში შედიან „არდი“, რომელსაც ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემიით ბაზრის 9%-იანი წილი აქვს, „პსპ დაზღვევას“ - 7,13% და „ალფას“ - 6%.

2018 წლის I კვარტლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.