საქართველოში გზების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.ამ საკითხზე მსჯელობა ისევ განახლდა, თუმცა კონკრეტულ თარიღსა და ფასზე საუბარი არ არის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად დაწესდება. სპეციალისტების აზრით, გადასახადის დაწესება საჭიროა, რადგან ეს თანხა რეაბილიტაციას მოხმარდება.
აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, იქნება თუ არა ფასიანი რიკოთის მაგისტრალი ან ავტომაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე გადაადგილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფასიან გზებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა აქვს ჩატარებული, სადაც განსხვავებული მოსაზრებებია.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობა სხვადასხვა უწყებასა და თავად დონორებთანაც მიმდინარეობს. შედეგად, ფასიან გზებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს.
გზების მოვლა-შენახვისთვის გადასახადის შემოღების პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. ამიტომ, როგორც "ჯიბისის" ქარსელაძემ განუცხადა, შესაძლოა, გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად შემოვიდეს.
"განსხვავებულია შეფასებები, მოცემულობა. ამას სჭირდება დამატებითი მსჯელობა, ყველა ნიუანსისა და სპეციფიკის გათვალისწინება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ქარსელაძემ და აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ოპტიმალური და რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სწორედ ამ დროისთვის დასრულდება რიკოთის მონაკვეთზე 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე გელა კვაშილავა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, რის გამოც გზების გადატვირთულობა მის დაზიანებას იწვევს, მასზე დაწესებული გადასახადი კი ისევ გზის რეაბილიტაციას მოხმარდება, რაც ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და ჩვენთვის მიუღებლად არ უნდა ჩაითვალოს.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, მაგისტრალებზე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ტრანსპორტის გადაადგილება ყოველწლიურად მატულობს. განსაკუთრებით მომრავლდა დიდი გაბარიტების ავტომობილები, რომლებიც, ბუნებრივია, გზას აზიანებენ. ინფრასტრუქტურას კი განახლება სჭირდება და ვიცით, რომ მის რეაბილიტაციასა და განახლებაში მილიარდობით ლარი იდება, რომლის დიდი ნაწილი არის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები. ქვეყანამ ის უნდა გაისტუმროს.
დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ტრანსპორტიდან მიღებული გადასახადი ძალიან მცირეა და უნდა გაიზარდოს. საუბარია ავტომაგისტრალებზე, სადაც ძირითადად მოძრაობენ სატვირთო ავტომობილები.
თუ ქვეყანას უნდა, რომ გამართული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, მის გარკვეულ მონაკვეთებზე უნდა დაწესდეს გადასახადი, ამის სხვადასხვა ფორმა არსებობს და განხილვა აუცილებელია. როდესაც გზა შენდება, მას მოვლაც სჭირდება. პირადად მე ურიგოდ არ მიმაჩნია გადასახადის დაწესება. ეს არის ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა და უცხოდ არ უნდა მოგვეჩვენოს", - განუცხადა „რეზონანსს" კვაშილავამ.
ფასიანი გზების ამოქმედებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. მისი აზრით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გულისხმობს მის მოვლასაც, რაც უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა. ის ადამიანები კი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფასიან გზებს, ივლიან უფასო და შედარებით არაკომფორტული გზით.
„ფასიანი გზა არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ერთადერთი მაგისტრალი იქნება. ქვეყანაში აუცილებლად დარჩება უფასო გზებიც და მოსახლეობას შეეძლება გადაადგილება. ეს არის აპრობირებული მეთოდი და მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი გზით ისარგებლოს. თუ უღირს ადამიანს, ფული გადაიხადოს და უფრო კომფორტულად იმგზავროს, ეს მისი არჩევანია. ასე იყო თავის დროზე რიკოთის გვირაბთან დაკავშირებითაც, როდესაც გაიხსნა და ფასიანი გახდა, სანამ მისი საინვესტიციო ღირებულება არ ამოიღეს. პარალელურად მოქმედებს მეორე გზაც, რომელიც უღელტეხილს გვერდს უვლის და ის უფასო იყო. ყველას გვახსოვს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფასიანი გვირაბით სარგებლობდა, რადგან კომფორტული იყო.
როდესაც მაგისტრალების მშენებლობაში მილიარდობით ლარს ვდებთ, რასაკვირველია, მისგან რაღაც უნდა მივიღოთ და თუ გზა გახდება ფასიანი, მათ შორის ტრაილერებისთვის და სატრანზიტო ავტომობილებისთვის, ეს, პირიქით, კარგია. თუ გვინდა გავნითარებული ინფრასტრუქტურა და უფრო ხარისხიანი გზები, ვიდრე არის დღეს, ამაში უნდა გადავიხადოთ ფული", - განუცხადა „რეზონანსს" გვიდიანმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი „რეზონანსი"