"ქართული ოცნება" 2012-2018: ჭარბვალიანობის პოლიტიკური ეკონომიკიდან ნდობის დეფიციტამდე"

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ქართული ოცნების" 2012-2018 წლების პოლიტიკის შესახებ წერს.„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

1) კერძო სექტორის ჭარბვალიანობა წარმოადგენს გვიან შედეგს იმ მცდარი და მფლანგველი სტრუქტურული და ფისკალური პოლიტიკებისა, რომლებითაც "ქართული ოცნება" განსაკუთრებით დაკავებული იყო 2013-2015 წლებში, და საერთოდ გამოირჩევა საკუთარი მმართველობის ექვსი წლის განმავლობაში.

2) "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც 2 მილიარდი ლარით გადაიბარა სახელმწიფო ფინანსების მართვა (2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით: 800 მლნ ლარი - ცენტრალური ხაზინის ნაშთი, 300 მლნ ლარი - სარეზერვო ფონდები, 900 მლნ - სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშებზე კომერციულ ბანკებში რიცხული ფულადი რესურსი), მოახერხა იმდენი, რომ მმართველობის პირველი წელიწადი, ე.ი. 2013, დასრულა 600 მლნ ლარის საბიუჯეტო გარღვევით.

3) ჭარბვალიანობა წარმოადგენს არა მხოლოდ კერძო სექტორის, არამედ უპირველესად სახელმწიფო ფინანსების გამოწვევას, რაც უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე (და არა კაპიტალური) ხარჯების დაფინანსებას დეფიციტური ხარჯვის მავნე პრაქტიკით უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში და აღნიშნულ პერიოდში ე.წ. "შიდა ვალების" ჯამურად გაოთხმაგებას, რომლის მომსახურება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დამატებითი ტვირთი იქნება მომავალი თაოებებისთვის.

4) ქართულ საბანკო სისტემას, რომელიც საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, მათ შორის უცხოელების მონაწილეობით, ათწლეულების განმავლობაში დინამიურად ვითარდებოდა, 2013 წლიდან თავად მიადგა ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც თავის მხრივ ე.წ. "უფასო ფულის" დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, და არა, პირიქით. სახელმწიფო ობლიგაციებით განვითარებული კაპიტალის ბაზარი ჯერ არ ახსოვს მსოფლიოს არცერთ ეკონომიკას.

5) "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც საკუთარი ჩავარდნების გადასაფარად იმდენად უტიფრად გამოხატავს უმადურობას საბანკო სისტემის და მთლიანად კერძო სექტორის მიმართ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წლის თავზე მის მიერ მომავალში ინიცირებადი რეფორმები დაცლილია ყოველგვარი ნდობისგან არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, არამედ მართლმსაჯულებაშიც, იუსტიციაშიც, და განათლების სისტემაშიც.