თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ქვეყანაში ჭარბვალიანობის ძირითადად გამომწვევ მიზეზად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასახელებს.ბანკირი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკი“ მაღალპროცენტიან სესხების ბაზარზე არასდროს არ იყო შესული.
„ჭარბვალიანობა ძირითადად ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუ შეადარებთ საკრედიტო პორტფელის ხარისხს, ვნახავთ, რომ ბანკები გასცემენ ძირითადად ბიზნეს სესხებს, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის. თიბისი ბანკი არასდროს ყოფილა მაღალპროცენტიანი სესხების ბაზარზე შესული. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჭარბვალიანობა გამოწვეულია ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებით. ბოლო ინიციატივები, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირებას გულისხმობს, არის სწორი",- აცხადებს ბუცხრიკიძე.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რეფორმებს და განცხადებებს, ბანკირმა აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გამო რეფორმების ნაწილი სწრაფად არის გასატარებელი.
„ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი. გუშინ ბახტაძემ ისაუბრა განათლების რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გრძელვადიანად ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით და მომავალშიც ვიმუშავებთ.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში გაჟღერებულ აქტივობებს, ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა გატარდეს ის მნიშვნელოვანი რეგულაციები, რაზეც იყო საუბარი ანუ საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირებას ვგულისხმობ. მიმაჩნია, რომ ეს დროზე იქნება გასაკეთებელი, რადგან ჭარბვალიანობაზე მართლაც უკვე დიდი ხანია საუბარია და რაც უფრო სწრაფად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მით უფრო სწორი იქნება.
როდესაც ბატონი ბახტაძე იყო ფინანსთა მინისტრი ჩვენ რეფორმების ფარგლებში ერთად ვსაქმიანობდით და ის ახალი ინიციატივა განათლებასთან დაკავშირებით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ პარტნიორობას დავამყარებთ”, - აცხადებს ბუცხრიკიძე.