წერეთლის გამზირზე მდებარე „კოკა-კოლას“ არსებული ქარხნის ტერიტორიაზე პატარა უბნის მშენებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.მისი თქმით, ამჟამად საკითხის დამუშავება და დეველოპერებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„კოკა-კოლას“ არსებული ქარხნის ტერიტორიის განვითარების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქარხნის მუხრანის ველზე გადატანა გადაწყდა.
ჭყონიას თქმით, განიხილებოდა ტერიტორიის გაყიდვაც, თუმცა მის განვითარებაზე საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-მ პროექტირება უკვე დაასრულა და მას შემდეგ დეველოპერების მოძიება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უბნის გაშენებისთვის დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო.
საუბარია, 27 ათასი კვადრატულ მეტრზე, სადაც უბანი შესაბამისი ინფრასტრუქტურით გაშენდება.
სავარაუდოდ, აქ იქნება 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი კორპუსი და სპორტული დარბაზი.
თემურ ჭყონიას ინფორმაციით, რუმინეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან რამდენიმე დეველოპერული კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა საბოლოო გადაწვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებენ.
„ჯერ-ჯერობით, ამ საკითხს ვამუშავებთ. სხვათაშორის საკმაოდ რთული თემა აღმოჩნდა. ალბათ, 2 თვეში უფრო დაზუსტებით გვეცოდინება ყველა დეტალი. მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა, ზოგიერთი საკითხი გარკვეულ რეგულაციებთან არ არის თანხვედრაში და ამაზე ვმუშაობთ“,-აცხადებს თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება "კოკა-კოლას" ახალ ქარხანას, მუხრანის ველზე მისი მშენებლობა უკვე დაიწყო და ის მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება. საწარმო 18 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული და მის მშენებლობაში სავარაუდოდ, 22 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება.
ნინი ქეთელაური