2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა.ამის შესახებ, „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Jump Start-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 1-ელ კვარტალში, 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი დედაქალაქში 860 აშშ დოლარსა და 906 აშშ დოლარს შორის მერყეობდა.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით მთაწმინდა კვლავ დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად რჩება; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სამგორშია. კერძოდ, გაყიდვის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 1 078 აშშ დოლარი ანუ 2 678 ლარი; ხოლო სამგორში - 529 აშშ დოლარი ანუ 1 314 ლარი იყო.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 874 დოლარი (2 172 ლარი); გლდანში - 551 დოლარი (1 367 ლარი); ნაძალადევში - 609 დოლარი (1 512 ლარი); დიდუბეში - 754 დოლარი (1 871 ლარი); ვაკეში - 998 დოლარი (2 479 ლარი); ჩუღურეთში - 737 დოლარი (1 831 ლარი); ისანში - 669 დოლარი (1 662 ლარი); ხოლო კრწანისში - 831 დოლარი (2 063 ლარი) იყო.