2017 წლის ივლისიდან ზუგდიდში პარკირების სისტემა ამოქმედდა, თუმცა მას თან ახლავს იმგვარი ხარვეზები, რომლებიც კორუფციის რისკებს შეიცავს და გამოსწორებას საჭიროებს.ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.
პარკირების ოპერირებას ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე 2016 წელს რეგისტირებული სააქციო საზოგადოება “თაუნ პარკი” ახორციელებს, რომელმაც ეს უფლება ქალაქ ზუგდიდის აწ უკვე ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ივლისში გამართული აუქციონის შედეგად მოიპოვა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ “თაუნ პარკმა“ დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარკირება ზუგდიდის ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება პარკირების საფასურის გადახდის სისტემის გაუმართაობის გამო - საფასურის გადახდის ეფექტიანი, გამჭვირვალე და კანონით დადგენილი სისტემის არარსებობა ქმნის კორუფციისა და ფინანსური რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე არაეფექტიანი მონიტორინგი აფერხებს პარკირების სისტემის სრულფასოვნად გამართვას.
„აუქციონი ერთი მონაწილით
2017 წლის ივლისში ჩატარებული აუქციონით სს “თაუნ პარკმა” პარკირების მოსაწყობად 12 300 კვადრატული მეტრი მიწა მიიღო (წლიური საიჯარო ქირა 203 000 ლარით განისაზღვრა). აღსანიშნავია, რომ “თაუნ პარკი” აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. მუნიციპალიტეტს აუქციონის გამოცხადებისას რაიმე სახის საკვალიფიკაციო მოთხოვნები აუქციონში მონაწილეობის მსურველთათვის არ წაუყენებია.მალევე, 2017 წლის სექტემბერში, “თაუნ პარკმა” უკვე პირდაპირი განკარგვის წესით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისაგან დამატებით 704 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიიღო, რომლის საიჯარო ქირად 5400 ლარი განისაზღვრა. აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე ორჯერ იქნა გატანილი, პირველ ჯერზე ზუგდიდის მერიას უარი ეთქვა მიწის პირდაპირი წესით გადაცემაზე, საკითხის მეორედ განხილვისას კი უმრავლესობამ მერიის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ რამდენჯერმე გამოითქვა მოსაზრება, რომ სს “თაუნ პარკში” არაოფიციალური ინტერესები აქვს 1990-იან წლებში მოქმედი სამხედრო დაჯგუფების ლიდერს დავით შენგელიას. ჩვენ ამ მოსაზრების დამადასტურებელი ფაქტი ვერ მოვიპოვეთ, თუმცა აღსანიშნავია შემდეგი გარემობა: სს “თაუნ პარკის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ ესათია არის შპს “მწვანე ოცნების” 20%-იანი წილის მფლობელი, ამავე კომპანიაში 20%-იან წილს ფლობს დავით შენგელიას შვილი მარინა შენგელია.
პარკირების საფასურის განსაზღვრის ბუნდოვანი სისტემა
“თაუნ პარკთან” დადებული იჯარის ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული პარკირების საფასურის სისტემა, არ არის დაწესებული საფასურის ზედა ზღვარიც.პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის ხელშეკრულებაში არის მხოლოდ ზოგადი მითითება მოიჯარის ვალდებულებაზე, შეათანხმოს პარკირების საფასურის გადახდის სისტემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მითითებულია, რომ აღნიშნული უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
თუმცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ პარკირებისთვის განსაზღვრული ტარიფებისა და მძღოლების მიერ თანხის გადახდის ფორმის შესახებ მერიას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პრობლემურია შემდეგი გარემოებები:
არ არის დაწესებული საფასური დროის მონაკვეთების მიხედვით, მძღოლებს თანხის გადახდა პარკირებისას ყოველ ჯერზე უწევთ. განსხვავებით თბილისისგან, ზუგდიდში შეუძლებელია მძღოლმა შეიძინოს პარკირების ბილეთი, რომელიც ერთი კვირა ან რამდენიმე თვე იმოქმედებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში, “თაუნ პარკმა” გრძელვადიანი აბონემენტების დაწესების პირობა გასცა, თუმცა მას ეს ვალდებულება დღემდე არ აქვს შესრულებული. როგორც გამოკითხულმა მძღოლებმა აღნიშნეს, ხშირად დღის მანძილზე სხვადასხვა ადგილას ავტომობილის პარკირებისთვის 10-15 ლარის გადახდა უწევთ;
თანხას მძღოლები პარკირების მეთვალყურეებს უხდიან, რომლებიც იშვიათი გამონაკლისების გარდა, მძღოლებს თანხის გადახდის სანაცვლოდ ქვითარს არ აძლევენ, რაც ქმნის კორუფციის რისკებსაც, რადგანაც შესაბამისი ქვითრების გაუცემლობის შემთხვევაში, შეუძლებელია აღირიცხოს, თუ რა მოცულობის თანხა იქნა გადახდილი; აღსანიშნავია ისიც, რომ მეთვალყურეებს კომპანიის წარმომადგენლობის დამადასტურებელი არავითარი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ აქვთ;
პარკირების მეთვალყურეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ ყოველდღიურად უწევთ განსაზღვრული თანხის გადაცემა სს “თაუნ პარკისათვის”. თანხის რაოდენობა ადგილმდებარეობის მიხედვით 10-დან 40 ლარამდე მერყეობს, რამდენიმე ლოკაციაზე (მაგალითად, კედიას ქუჩაზე) კი პარკირების მეთვალყურემ პარკინგის 8 ადგილის სანაცვლოდ სს “თაუნ პარკს” დღეში 30 ლარი უნდა გადაუხადოს;
როგორც პარკირების მეთვალყურეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, მათ ფიქსირებული ხელფასი არ აქვთ, მათი გასამრჯელო დღის მანძილზე მძღოლებიდან მიღებულ თანხასა და სს “თაუნ პარკისათვის” გადასახდელ თანხას შორის სხვაობაა;
ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არის გამოყოფილის პარკინგის სპეციალური ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,“-აღნიშნულია კვლევაში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლები არაერთხელ ეცადნენ სს “თაუნპარკის” წარმომადგენლებთან გასაუბრებას, თუმცა უშედეგოდ.
რაც შეეხება დასკვნასა და რეკომენდაციებს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, სს “თაუნ პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება არაერთ ხარვეზს შეიცავს, კომპანიის მიერ პარკირების საფასურის გადახდის განსაზღვრული მეთოდი კი უკიდურესად გაუმჭვირვალეა და ქმნის კორუფციის რისკებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის საკრებულომ ეფექტურად გააკონტორლოს, თუ რამდენად ასრულებს სს “თაუნ პარკი” ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2017 წლის ოქტომბერში გაუქმდა. მთავრობის დადგენილებით, ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილების მოქმედების ვადად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 6 თვიანი პერიოდია განსაზღრვული, რომელიც ზუგდიდის შემთხვევაში, 2018 წლის 14 მაისს ამოიწურა. შესაბამისად ზუგდიდის საკრებულო ვალდებულია მიიღოს პარკირების წესების მარეგულერებელი ახალი დადგენილება და მნიშვნელოვანია, თუკი მასში სრულად იქნება ასახული ყველა ის ხარვეზი, რაც წინამდებარე კვლევით იქნა გამოვლენილი.
ასევე, ცვლილებები უნდა შევიდეს მუნიციპალიტეტსა და სს “თაუნ პარკს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, სრულად უნდა შეიცვალოს პარკირების საფასურის გადახდის სისტემაც, კერძოდ: დადგინდეს პარკირების საფასურის გადახდის გამჭვირვალე სისტემა; განისაზღვროს, თუ რა მოცულობის თანხა უნდა გადაიხადოს მძღოლმა ერთჯერადი პარკირებისთვის, ასევე დადგინდეს საფასური პარკირების ერთკვირიანი, ერთთვიანი და უფრო ხანგრძლივი აბონემენტისათვის; პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი უნდა იყოს უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით; პარკირების ყველა მეთვალყურე, ვიდრე მათი მუშაობის საჭიროების წინაშე დგას კომპანია, უნდა აღიჭურვოს სალარო აპარატით, რათა ერთჯერადი პარკირების საფასურის გადახდისას, მძღოლებზე გაიცეს შესაბამისი ქვითარი,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.