თამარ მეფის ხიდის ავარიული პანდუსის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

თამარ მეფის სახელობის ხიდზე ასასვლელი პანდუსის კვლევისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 25 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსზე ვიზუალური და ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარებას და კონსტრუქციების გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი დაზიანებების და დეფექტების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.

„თამარ მეფის სახელობის ხიდზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი საპროექტო პანდუსი (სქემატური ნახაზი წარმოდგენილია ორთოფოტოს სახით) დაზიანებულია. ხიდზე ასასვლელი პანდუსის ერთი ზონა ავარიულია, ანაკრები რკინაბეტონის მზიდ კოჭებს დაკარგული აქვთ პირვანდელი საპროექტო მდებარეობა, ისინი დაძრულია საყრდენი კვანძებიდან, შეინიშნება მათი როგორც ვერტიკალური ჯდენები, სავარაუდოდ ბეტონის მოთელვის გამო, ასევე ჰორიზონტალური მობრუნების კვალი; მათგან მდინარე მტკვრის მხარეს მდებარე კოჭების ბურჯებზე ჩამოდების სიდიდე კრიტიკულად შემცირებულია და აღწევს რამოდენიმე სმ-ს, ავარიულობის შემდგომი პროგრესირების შემთხვევაში შესაძლებელია მათი მყისიერი ჩამოვარდნა. პანდუსის რეაბილიტაციის დაპროექტებამდე უნდა მოხდეს მისი ვიზუალური და ინსტრუმენტული გამოკვლევა. მიღებული დასკვნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს პანდუსის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მშენებლობის, ექსპლოატაციის და უსაფრთხოების ოპტიმალური კრიტერიუმების დაცვით. ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.