„ფინანასთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იცვლებიან"

უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ამ მინისტრების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილნი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.კახიანის განმარტებით, მთავრობის შემადგენლობა მას შემდეგ განახლდება, რაც სამინისტროების რესტრუქტურიზაციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

"სამინისტროების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება, რასაც კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება. ამის გაკეთება ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია. ამავდროულად, მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს წარდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ ამჟამად მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან. ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ეს სამინისტროები ფორმალურად მინისტრების მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი. პროცედურულად ხვალვე, 11:00 საათიდან დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იქნება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში შეხვედრები, სურვილის შემთხვევაში. ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე. უახლოეს მომავალში კი მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება",- განაცხადა კახიანმა.