18,7 მლნ დოლარზე მეტი დავალიანების მქონე კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა

შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელი“ გაკოტრებულად გამოცხადდა და რეესტრში მისი რეგისტრაცია გაუქმდა.კრედიტორის, „საქართველოს ბანკის“ განცხადებით, შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელის’’ მიმართ არსებული მოთხოვნა 18 717 897,41 ამერიკულ დოლარს ანუ 46 122 771,01 ლარს შეადგენს.

„მოვალის განმარტების და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და არც დებიტორული მოთხოვნა. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეწყდა, კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა და რეესტრში მისი რეგისტრაცია გაუქმდა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,საქართველოს ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდება საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარი. ამასთან, ბანკის მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარიდან ანაზღაურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური,“- აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „საქართველოს ბანკის’’ განცხადება შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ წარმოებაში მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო.