"სახელმწიფო ფინანსების კონტროლის რეფორმა მნიშვნელოვანია ფინანსების პატიოსნად და შედეგიანად განკარგვის ეფექტურობის ასამაღლებლად"

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმაზე ფინანსთა სამინისტროს ანგარიში მოისმინა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას თქმით, კომიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ეფექტურობის ზრდა, რაც თავის მხრივ ნიშნავს მმართველობითი პოტენციალის და პროცესის ეფექტიანობის ზრდას და ამასთანავე რისკების მართვას.

საკითხი ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა გიული ჭკუასელმა გამოიტანა და განაცხადა, რომ ღონისძიებები მიმართულია მუნიციპალიტეტების გაძლიერებისკენ. მან თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის კონცეფცია, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ და ეს არის ერთგვარი ინდიკატორი საჯარო სექტორის განვითარების შესაფასებლად. ამ სისტემას საქართველოსთან ერთად, გეგმავს 24 ქვეყანა არა მარტო ევროპაში, ვინაიდან იგი მსოფლიო ბანკისთვისაც არის შეფასების ერთგვარი კრიტერიუმი.

გიული ჭკუასელის განცხადებით, რეფორმის მიზანი არის, რომ მმართველობითი სისტემები საჯარო სექტორში გააძლიეროს, მიიყვნოს საერთაშორისო სტანდარტებამდე, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საჯარო სექტორის მართვა მოხდეს გამჭვირვალედ, ეფექტურად, ეკონომიკურად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაწესებულებებმა შეძლონ სწორი მიზნების დასახვა და შემდეგ ამ მიზნების მიღწევა. ამგვარად, მისი თქმით, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მიზანია საჯარო სექტორში „კარგი მმართველობის პრინციპების“ დამკვიდრება და საჯარო ფინანსების ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის ხელშეწყობა. მომხსენებელმა შემდეგ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე და უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს თანამომხსენებელმა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მ/შ მზია გიორგობიანმა, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეფორმა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისათვის.

„სრულიად ნათელია ამ საკითხის მნიშვნელობა, ღირებულება, სახელმწიფო და საჯარო ფინანსების ეკონომიურად, ეფექტურად, პროდუქტიულად მართვა და განკარგვა, რაც არის, ერთი მხრივ, გამოწვევა და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე ამ რეფორმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, რაც საკომიტეტო განხილვის ფორმატში ტარდება. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზე მსჯელობა უფრო ფართო ფორმატში უნდა მოხდეს. საყურადღებოა, რომ ეს რეფორმა შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ საკითხის მნიშვნელობას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ რეფორმის აუცილებლობასა და სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს. ამასთანავე, როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებზე მსჯელობაც კარგი იქნება თვითმმართველობებთან ერთად თუ განხორციელდება.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამის შესაძლებლობას იძლევა ყოველწლიური ფორუმი სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგისათვის, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით დაარსდა. მეორე ფორუმი დაგეგმილია ამ ზაფხულს და ზაზა გაბუნია გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ფორუმზე ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ აღნიშნული რეფორმა იყოს.