ციფრული ვალუტების ბაზრის ზრდა მათ ფასზე უარყოფითად იმოქმედებს

საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის (BIS) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიძენს ციფრულ ვალუტებს, მით უფრო დაეცემა მათდამი ნდობა და შესაბამისად, მათზე მოთხოვნილებაც. შესაბამისად, შემცირდება მათი ფასიც.BIS წერს, რომ ნებისმიერი ვალუტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სტაბილურობა, როცა მათ ფართო ქსელში იყენებენ. ამასთან, ვალუტა უნდა იყოს ეფექტურად მასშტაბირებადი. მაგრამ დეცენტრალიზებული ქსელების (რომლებზეც დამოკიდებულია ციფრული ვალუტები) სიმყიფის გამო, ნდობის შენარჩუნება ძნელი იქნება.

ასეთი ქსელების ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ რაც უფრო იზრდებიან, მით უფრო მეტად ხდება მათი გადატვირთვა. ეს კი ტრანზაქციების ოპერაციებს აჭიანურებს. ეს უკვე გამოვლინდა ბიტკოინის შემთხვევაში, რომლის ტრანზაქციების შესრულებაც დროში იწელება, რასაც სწორედ დეცენტრალზებული ქსელის გადატვირთვა განაპირობებს.

„დეცენტრალიზებული კონსენსუსის სიმყიფის გამო, რომელსაც ციფრული ვალუტების ტრანზაქციები ეყრდნობა, ნდობა შეიძლება სწრაფად აორთქლდეს. ეს გარემოება არამხოლოდ კითხვის ნიშანს უსვამს ინდივიდუალურ გადახდებს, არამედ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ციფრულმა ვალუტებმა შესაძლოა, საერთოდ შეწყვიტოს ფუნქციონირება. ეს კი მათ ღირებულებას მაშინვე დაუკარგავს“, - წერს შვეიცარიაში ბაზირებული საბანკო გაერთიანება.

როგორც BIS-ის კვლევის ხელმძღვანელი ჰიუნ სონ შინი ამბობს, რომ სუვერენულ ფულს აქვს ღირებულება იმის გამო, რომ მას მომხმარებელი ჰყავს. იმავდროულად, ციფრულ ვალუტებს უფრო მეტად, სპეკულაციური დანიშნულებით იყენებენ.

„მომხმარებლების გარეშე, ეს ვალუტები არაფრის მომცემ ჟეტონებად გადაიქცევა. სულერთია, იქნება ეს ციფრული ვალუტა, თუ ქაღალდის, რომელზეც ვინმეს სურათია გამოსახული“, - ამბობს ჰიუნ სონ შინი, ვინც ციფრულ მონტებს ბეისბოლის ბარათებს და იაპონურ ვირტუალურ ძაღლ ტამაგოჩის ადარებს.

BIS-ის კვლევაში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ციფრული ვალუტების მოპოვება (მაინინგი) დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიას მოითხოვს. ციფრული ვალუტების მინუსია ისიც, რომ მათი ტრანზაქციები, ბევრ რეგისტრაციას და შემოწმებას მოითხოვს, რაც გადარიცხვის შესრულების დროს აჭიანურებს.

BIS-ის გენერალური მენეჯერი აგუსტინ კარსტენსი ბიტკოინს ერთდროულად, საპნის ბუშტს, პონზის სქემას (პირამიდის სქემა, რომელიც ადამიანებს იმ კომპანიაში ინვესტირებისკენ უბიძგებს, რომელიც ადრელ ინვესტორებს, შემდგომი ინვესტორების მიერ შეტანილ თანხებს უხდის) და ეკოლოგიურ კატასტროფას ადარებს.

საერთო ჯამში, BIS ცენტრალურ ბანკებს ურჩევს, ბევრი იფიქრონ პოტენციურ რისკებზე, სანამ საკუთარი ციფრულ ვალუტების გამოშვებას დაიწყებენ. ამ ეტაპზე, არცერთ ცენტრალურ ბანკს ციფრული ვალუტის გამოშვება არ დაუწყია. თუმცა შვედური „რისკბანკი“ საცალო „e-კრონას“ გამოშვების პერსპექტივას სწავლობს. შვედეთში ნაღდი ფულის გამოყენება უკიდურესად არის შემცირებული და „რისკბანკიც“ ციფრული ვალუტის გამოშვებით სწორედ ამის გამო დაინტერესდა.