ცვლილებები  ბიზნესისთვის - რა წერია ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში?

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დასამტკიცებლად დღეს წარუდგინა.როგორც პარლამენტისთვის გადაგზავნილ პროგრამაშია აღნიშნული, ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისათვის მთავრობა აქტიურ რეფორმებს განაგრძობს.

მათ შორის, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი სრულად გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით. გარდა ამისა, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება.

პროგრამის თანახმად, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა; შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ელექტრონულად დარეგისტრირება, ისე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ელექტრონულად განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიუსვლელად; ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ეკონომიკაზე იყოს წინასწარ გაანალიზებული შესაძლო ნეგატიური გავლენებისაგან თავის არიდების მიზნით.

  • „შემუშავდება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელშიც ასახული იქნება ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას;
  • გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა;
  • არარეზიდენტ პირებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ საქართველოში განახორციელონ კომპანიების ონლაინრეგისტრაცია. აღნიშნული პროცესი საშუალებას მისცემს უცხოელ პირებს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები საქართველოში ჩამოუსვლელად, ასევე გახსნან ანგარიშები ქართულ ბანკებში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით;
  • თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, გატარდება რეფორმები მშენებლობის, ენერგოეფექტიანობის, ტრანსპორტის, წიაღის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში;
  • მომზადდა და მოკლე ვადაში საზოგადოებას განსახილველად წარედგინება რეფორმის პროექტი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის შესახებ. პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე - რეფორმის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე;
  • დაინერგება ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს საგადასახადო ორგანოებთან გადამხდელების ურთიერთობას და გადასახადების ადმინისტრირებას;
  • შემუშავდება ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას;
  • შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის საქართველოში რეგიონალური ოფისების დაფუძნებისათვის,“-აღნიშნულია პროგრამაში, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა.