„სუპერ ოჯახი 2“ რეკორდსმენია

ამერიკის კინოგაქირავებაში საპრემიერო უქმეებზე გამომუშავებული რეკორდულად მაღალი შემოსავლით „პიქსარისა“ და „დისნეის“ ერთობლივი ნამუშევარი ანიმაცია სახელწოდებით „სუპერ ოჯახი 2“ (Incredibles 2) ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დებიუტანტი ანიმაცია გახდა.როგორც CNN წერს, ანიმაციამ მხოლოდ სამ დღეში 180 მილიონი დოლარის სალარო შემოსავალი მიიღო მხოლოდ ამერიკაში და შედეგად აქამდე არსებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აქამდე დებიუტზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ანიმაცია ასევე „დისნეის“ „დორის ძიებაში“ გახლდათ, რომელმაც 2016 წელს სადებიუტო უქმეებზე 135 მილიონი დოლარის სალარო მიიღო.

„სუპერ ოჯახი 2-ს“ შედარებით მოკრძალებული დებიუტი აქვს ოკეანეს გამოღმა - მხოლოდ 52 მილიონი, მაგრამ ეს დასაწყისია, იმიტომ, რომ მთავარ ბაზრებზე ის ამ და მომდევნო უქმეებზე იქნება წარმოდგენილი, ახლა კი მას მსოფლიო მასშტაბით ჯამში 230 მილიონი დოლარის შემოსვალი აქვს. ფილმის პრემიერა საქართველოშიც დროულად გასულ უქმეებზე მოხდა და აქაც ამერიკის მსგავსად მასზე დასწრება ყველაზე მაღალი იყო.

კინოკრიტიკოსების აზრით „სუპერ ოჯახი 2-ის“ მსგავსი წარმატება უპირველეს ყოვლისა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მიმდინარე წელი სრულმეტრაჟიანი ანიმაციებით განებივრებული ჯერ არ არის და ეს არის „გნომობანას“ შემდეგ მეორე სრულმეტრაჟიანი ანიმაცია ამერიკის ბაზარზე. ამასთან, ეს არის „დისნეის“ პირველი სრული ანიმაცია მიმდინარე წელს, შედეგად კი ამერიკაში სრულმეტრაჟიან ანიმაციებზე მოთხოვნა მაღალი აღმოჩნდა და ფილმმა უპრეცედენტოდ მაღალი დასწრება მიიღო სეანსებზე.

ცნობისათვის, „სუპერ ოჯახის“ პირველი ანიმაცია 2004 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მეორე ნაწილი ამ მხრივაც რეკორდსმენია, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი შუალედი ანიმაციებს შორის.

კოკა კვირკველია