ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.თუმცა აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელი მინისტრობის კანდიდატისგან დაინტერესდა, თუ რა ხდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება.
„ქუთაისის უნივერსიტეტში მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება უკვე პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება. გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა ასეთია, რომ 2019 წლის სექტემბერში განხორციელდება სტუდენტების მიღება. ტექნიკური დარგებით დავიწყებთ, თუმცა უნივერსიტეტის პროფილი იქნება უნივერსალური. მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტს მივიღებთ,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
გიგი წერეთელის თქმით კი, გაისად ასეთი პროექტის გახსნა და სტუდენტების მიღება რთული იქნება.
„როდესაც მინისტრად დაგამტკიცებენ, ჩვენ ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ იქაურობა,“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
მიხეილ ჩხენკელის გარდა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაგეგმილია შესაბამისი მიმართულებების მინისტრობის სხვა კანდიდატების მოსმენაც.
ცნობისათვის, ქუთაისში, მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოდ ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები ივნისის ბოლოდან დაიწყებოდა.
60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი “ქართუ”.