„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მშენებლობის სფეროს მომწესრიგებელი მარეგულირებელი გარემოს სრულყოფაზე“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული.ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, მიმდინარეობს მუშაობა კანონქვემდებარე რეგულაციებზეც, რომლებიც მოაწესრიგებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, არქიტექტორთა და ინჟინერ-მშენებელთა სერტიფიცირებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
„ასევე მუშავდება ტექნიკური რეგლამენტები სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ ძირითადი მოთხოვნების დადგენისა და ბაზარზე განთავსების კუთხით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო კუთხით სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას და საშუალებას მისცემს სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებს, იმოქმედონ წინასწარ პროგნოზირებადი მკაფიო წესებით,“-ვკითხულობთ სამთავრობო პროგრამაში.
ცნობისთვის, მამუკა ბახტაძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დასამტკიცებლად გუშინ წარუდგინა, დღეს, კი აღნიშნულ საკითხებზე უკვე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ.