თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა გეგმავს მესამე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას.ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა - წერს სააგენტო Anadolu.
„ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ერთი პროექტით „აკუათი“, ჩვენ ასევე ავაშენებთ მესამე ატომურ ელექტროსადგურს. „აკუა“ ჩვენი მოთხოვნის მხოლოდ 10%-ს დააკმაყოფილებს. „სინოპის“ (მეორე ატომურის სადგური) ამუშავების შემდეგ კი ატომური ენერგეტიკის წილი უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი საკუთარი აეს-ების მშენებლობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
ამ დროისთვის მერსინში ხმელთაშუაზღვის ნაპირზე თურქეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურს „აკუას“ რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ აშენებს. მისი პირველი ბლოკის მშენებლობის გახსნის ცერემონია აპრილში პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს მოხდა, ხოლო ამუშავება 2023 წლისთვის, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე იგეგმება.
მეორე ატომური სადგურის მშენებლობას ანკარა სინიპში შავი ზღვის სანაპიროზე აპირებს. ამ ობიექტის მშენებლობით კი ფრანგულ-იაპონური კონსორციუმია დაკავებული. პროექტის ღირებულება 22-25 მილიარდი დოლარია.
კოკა კვირკველია