ნავთობპროდუქტები და მსუბუქი ავტომობილები აქციზის ზრდის მიუხედავად საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტებიაა.კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმაც 330.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 92.5 მლნ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, წინა წლის იანვარ-მაისში ნავთობისა დ ანავთობ-პროდუქტების იმპორტმა 238.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, 2018 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი 215.6 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საიმპორტო პროდუქციის ათეულში მე-2 ადგილზე იყო. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.