ფეხბურთის ჩემპიონატი ბრაზილიის სარესტორნო ბიზნესს მილიონობით შემოსავალს მოუტანს

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგად ბრაზილიის ბარებსა და რესტორნებს დამატებით 67,5 მილიონი დოლარის შემოსავალი გაუჩნდებათ.

ასეთია ტელეკომპანია „გლობოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის პროგნოზი, რომელიც ქვეყნის ეროვნულმა სავაჭრო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, ამ თანხის 48,6% მოვა ბრაზილიის ორ უმსხვილეს ქალაქზე სან-პაოლოსა და რიო-დე-ჟანეიროზე. მათივე ცნობით, წინა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საკვებ დაწესებულებებში შემოსავლები 107 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ სწორედ ბრაზილია მასპინძლობდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც ათასობით ფეხბურთის გულშემატკივარი იყო ჩასული.

ტრადიციისამებრ ბრაზილიელების უმეტესობა საფეხბურთო მატჩებს ბარებსა და რესტორნებში ადევნებს თვალს, ან სახლში სტუმრებთან ერთად იკრიბებიან, რა დროსაც ასევე საკვებ ობიექტებს უკვეთავენ საჭმელს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის ქალაქებში იმართება. ბრაზილიის ნაკრები კი ჯგუფურ ეტაპზე სერბეთის, შვეიცარიისა და კოსტა-რიკის ეროვნულ ნაკრებებთან ასპარეზობს.

კოკა კვირკველია