„ჩემს მიერ დასახელებული მთავარი პრინციპების დანერგვაში ძალიან დიდი როლი უკავია არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას"

არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერ დაძლევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, იმ პრინციპების დანერგვაში, რომელიც ახალ მთავრობას ექნება, ძალიან დიდი როლი უკავია არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას.

„ჩემს მიერ დასახელებული მთავარი პრინციპების დანერგვაში ძალიან დიდი როლი უკავია არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას ისე, რომ მასში გამოირიცხოს უსამართლო თამაშის წესები და ის იყოს დაფუძნებული სამართლიან თამაშის წესებზე. მე არაერთხელ დამისვეს ეს შეკითხვა და დღესაც მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ დიახ, მე ასე ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერ დაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები და შესაბამისად ვერ წარმოადგინა თავისი პოტენციალი, რომელიც მას აქვს იმდენი, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ მართლაც რომ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.