საუდის არაბეთი და რუსეთი ცდილობენ, OPEC-ს ნავთობის მიწოდების შეზღუდვის მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიაღებინონ.ამით ნავთობზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ვენესუელადან და ლიბიიდან მიწოდების შეფერხებებით გამოწვეული დეფიციტის განეიტრალება გახდება შესაძლებელი.
„ნავთობზე მოთხოვნა მესამე კვარტალში ყველაზე მკვეთრი ტემპით იზრდება. დეფიციტი აუცილებლად შეიქმნება, თუ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ. ჩვენი აზრით, ეს ბაზრის გადახურებას გამოიწვევს“, - ამბობს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.
მისი თქმით, ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ OPEC და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნები, ნავთობის დღიურ მიწოდებას 1.5 მილიონი ბარელით გაზრდიან. თუ ეს მოხდა, პრაქტიკულად წერტილი დაესმება შეთანხმებას, რომელიც ბაზარზე დღიურ მიწოდებას 1.8 მილიონი ბარელით ზღუდავს. ამ შეზღუდვის წყალობით, შესაძლებელი გახდა ბოლო წელიწადნახევარში ბაზრის დაბალანსება, ბარელი ნავთობის ფასი კი 2016 წლის 27 დოლარიდან, 75 დოლარამდე გაიზარდა.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის მორიგი სხდომა პარასკევს გაიმართება. მასზე მთავარი საკითხი სწორედ ნახსენები შეზღუდვა იქნება. მისი გაუქმებისკენ OPEC-ს აშშ და ჩინეთიც მოუწოდებენ, რომლებსაც ნავთობზე ფასების დაწევა და წარმოების მაღალი დონის შენარჩუნება სურთ.
OPEC-ის დეფაქტო ლიდერი საუდის არაბეთი და არაწევრი რუსეთი, მიწოდების ეტაპობრივ შეზღუდვას ემხრობიან. OPEC-ის წევრები - ირანი, ერაყი, ვენესუელა და ალჟირი კი ამის წინააღმდეგნი არიან. იმავდროულად, OPEC-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა იზრდება. კვლევის შესაბამისად, თუ OPEC-ი და სხვა ექსპორტიორები, მიწოდებას მაისის დონეზე შეინარჩუნებენ, ეს მალე დეფიციტს გამოიწვევს.