ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს, იქნება ის, რომ 2011 -2012 წლებში სრულიად უსაფუძვლოდ დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას ჩამოვაწერთ კომპანიებს, რამაც ბევრი მათგანის გაჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარდგენისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ეკონომიკის სექტორის გაჯანსაღებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა. „თავისუფალ ბაზართან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში უსამართლო თამაშის წესები. ჩვენ ვცდილობთ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ამის კონკრეტული მაგალითია, რომ ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს, იქნება ის, რომ 2011 -2012 წლებში სრულიად უსაფუძვლოდ დარიცხული საგადასახადო დავალიანება, რომელმაც გამოიწვია ძალიან ბევრი კომპანიის გაჩერება, ამ კომპანიებს ჩამოვაწერთ საგადასახადო დავალიანებებს და მივცემთ საშუალებას განვითარდნენ ეკონომიკურად და შექმნან სამუშაო ადგილი. თანხა თუ გაინტერესებთ, 2013 წლის პირველ იანვრამდე არის 450 მილიონი ლარი და შეეხება 36 ათას გადამხდელს.
სამუშაო ადგილებზე როდესაც ვსაუბრობთ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ერთადერთი წყარო იმისთვის, რომ საქართველოში ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები იმ რაოდენობით, რაც სიღარიბის დასამარცხებლადაა საჭირო. იმ სტატუსქვოში, რომელიც გვერგო, რომ საგადასახადო ტვირთი ინდმეწარმეს და მცირე ბიზნესს ჰქონდა უფრო დიდი, ვიდრე მსხვილ ბიზნესს, ამის მიღწევა რთული იყო. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ეკონომიკის კარგი ზრდის ტემპი, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობა, ჩართულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.