„თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების გაცემა საჯარო დაწესებულებების დისკრეციაზე იქნება დამოკიდებული“- ამის შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ წინადადებაშია აღნიშნული, რომელშიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტზე ომბუდსმენის მოსაზრებებია წარმოდგენილი.
სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული სახით, კანონპროექტი რიგ ხარვეზებს შეიცავს, რომელთა გამოსწორებაც ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.
კერძოდ, ლომჯარიას განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედი 44-ე მუხლით პირდაპირ არის დადგენილი, რომ თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები ღია და ხელმისაწვდომია. მათი გაცემისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ან სხვა რაიმე საფუძვლის არსებობა არ მოითხოვება. მაშინ როცა, კანონპროექტით შემოთავაზებული 44-ე მუხლის ახლებურ რედაქციაში კი ეს ჩანაწერი საერთოდ არ გვხვდება, რაც გამჭვირვალობის კუთხით ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
„კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების გაცემა საჯარო დაწესებულებების დისკრეციაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ მათი შესაფასებელი იქნება, რამდენად არის სახეზე მონაცემთა გაცემისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულ პროცესში, საჯარო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან/და მე-6 მუხლებით. თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი საერთოდ არ იარსებებს და მათზე გავრცელდება ისეთივე რეჟიმი, რომელიც დადგენილია სხვა პირებთან მიმართებაში.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ და პრაქტიკაში ამოქმედებამ ქვეყანაში საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის ხარისხი გააუარესა. აღნიშნულის მიზეზს პირველ რიგში წარმოადგენს ის გარემოება, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა დღემდე არ ითვალისწინებს სანქციებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმისთვის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით კი დადგენილია სანქციები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის. შესაბამისად, იკვეთება ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები, რომელთაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ევალებათ მიიღონ გადაწყვეტილება გასცენ ესა თუ ის ინფორმაცია და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის, ხელმძღვანელობენ არა პროპორციულობის პრინციპით, არამედ ცდილობენ, თავიდან აიცილონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები.“
ამ ვითარების გათვალისწინებით, ადვილად წარმოსადგენია ის უარყოფითი ეფექტი, რომელიც კანონპროექტს ექნება ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით მოსარგებლეები მოქალაქეებთან ერთად არიან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კონტროლს უწევენ სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას. მოქმედ კანონში ამ სახის ცვლილებების შეტანა მითითებული ჯგუფების საქმიანობაზეც ნეგატიურად აისახება და გააუარესებს თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ჩანაწერი, რომელიც თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ღიაობას ითვალისწინებს“-აღნიშნულია ლომჯარიას მიერ პარლამენტის თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ წინადადებაში.