ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბახტაძემ მის წინამორბედ ყველა პრემიერ-მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან ერთად, ვაცნობიერებ რამდენად დიდია პასუხისმგებლობა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად ვემსახურო ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო წინ წავიდა მრავალი მიმართულებით, საშინაო რეფორმებით დაწყებული და წარმატებული საგარეო პოლიტიკით დამთავრებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერობის კანდიდატის თქმით, მმართველი გუნდისთვის ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება.
“ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ადამიანებს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, რომ ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.