ასოცირების ხელშეკრულება VS რუსეთის ბაზარი

”თუ რუსეთი ძველ პოლიტიკას განაგრძობს, შეიძლება ქართული პროდუქცია უფრო მეტად დაბეგროს”.საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დღე, 27 ივნისი, თანდათან ახლოვდება. როგორც ევროპელი პარტნიორები გვარწმუნებენ, ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენს ქვეყანას არაერთ სიკეთეს მოუტანს, მაგრამ 27 ივნისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში სულ უფრო ხშირად მსჯელობენ მოსალოდნელ საფრთხეებზეც. ალბათ, ამის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგი განცხადება გახდა: "ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და ამა თუ იმ საერთაშორისო ბლოკთან მიერთების პერსპექტივა, თუმცა აუცილებელია, საქართველოში ესმოდეთ და გააანალიზონ ის შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. ამავე დროს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კარასინმა, საჯარო განცხადება გააკეთა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში.

საქართველოს მთავრობის პირველი პირები გამოთქვამენ რწმენას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ყოველგვარი გართულების გარეშე მოაწერენ ხელს. თუმცა, მოსალოდნელ ბარიერებსა და პრობლემებზე საუბრობენ ქართველი ექსპორტიორები.

ზაზა დუგლაძე, ”დუგლაძეების ღვინის კომპანიის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი:

- თუ რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბება, ბუნებრივია ეს ჩვენს ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედებს. ჯერჯერობით კი, არანაირი ხელისშეშლა, ან დაბრკოლება ჩვენი პარტნიორებისაგან არ გვქონია. რამდენიმე დიდ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და არანაირი ცვლილება ჩვენს ურთიერთობაში არ მომხდარა. პოლიტიკოსები რას ფიქრობენ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩვენს შორის კი, სიტუაცია ყოველდღიურად უმჯობესდება და თბება. ამავე დროს, ჩვენი კომპანიიდან სერიოზული მარკეტოლოგები მუშაობენ ევროპის, აზიის, ჩინეთის ბაზრების ასათვისებლად. ძალიან დიდი პერსპქტივები აქვს ქართულ ღვინოს შუა აზიაშიც. გარწმუნებთ, რომ ქართული ღვინო ნებისმიერ ევროპულ ღვინოს გაუწევს კონკურენციას, მაგრამ აუცილებელია რეკლამა, შესაბამისი ხარჯები და ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია. ამ ეტაპზე ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ქართულ ღვინოს კარგად არ იცნობენ, ის მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეშია ცნობილი და პოპულარული. სწორედ ამიტომ, რუსული ბაზარი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია პოლიტიკური სიტუაცია არ დაიძაბოს, რადგან ეს ჩვენს საქმიანობაში ბევრ რამეს განსაზღვრავს.

გიორგი თეიმურაზიშვილი, კომპანია GVS- ის საექსპორტო გაყიდვების მენეჯერი:

- ყველამ ვიცით, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა პოლიტიკური ნაწილის გარდა მოიცავს ეკონომიკური ნაწილსაც, რომელიც გულისხმობს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას ევროკავშირის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, მისი გაფორმება გააადვილებს ჩვენი პროდუქციის გატანას ევროპის ბაზრებზე. რეგულაციები, რომლებიც აქამდე იყო დაწესებული ქართული ღვინის მიმართ, მოიხსნება და ქართულ ღვინოს კიდევ უფრო გაუადვილდება ევროპის ბაზარზე დამკვიდრება. სხვათა შორის, მე ვერანაირ ნეგატიურ კავშირს ვერ ვხედავ, თუ ევროპელებთანაც ვითანამშრომლებთ და რუსებთანაც, რადგან ეს ორი, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ბაზარია. ამ ეტაპზე ჩვენი კომპანია ვერანაირ უარყოფით შედეგებს ვერ გრძნობს იმის გამო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღე ახლოვდება. საქართველოში შეიძლება შემოვიდეს ევროპული ღვინოებიც, მაგრამ ეს დადებითად წაადგება ქართული ღვინის ინდუსტრიას: კონკურენცია გაიზრდება და ქართული კომპანიები უკეთესი სტრატეგიის შემუშავებას შეძლებენ. რაც შეეხება სავარაუდო პოლიტიკურ სცენარებს, ამაზე კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაც მხოლოდ პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. ევროკავშირთან დაახლოება - ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი - ევროპული ბაზარი.

ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე:

- რუსულ ბაზარზე ქართული თხილის გადინება არასოდეს შეწყვეტილა, არ შეჩერებულა. ჩვენი თხილი აკრძალვის შემდეგაც კი, რეექსპორტის გზით შედიოდა რუსეთში და ამ პროცესზე ალბათ ვერანაირი გარემოება ვერ იმოქმედებს. 2005-2006 წლებშიც კი, როდესაც რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის გადაიკეტა, ჩვენი თხილი იქ მაინც შედიოდა. თავის მხრივ, ასოცირების ხელშეკრულებაც დადებით შედეგს მოგვიტანს. ქართული თხილის კომპანიები ისედაც სარგებლობდნენ ნულოვანი საბაჟო განაკვეთით ევროპის ბაზრებზე და ახლა ექსპორტი კიდევ უფრო გაადვილდება. დადებითი შედეგი კი ალბათ ის იქნება, რომ ქართული თხილის სტანდარტი კიდევ უფრო მიუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს და ხარვეზები, რომლებიც გვაქვს, გამოსწორდება. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საწარმოები უფრო მეტად იმუშავებენ საკუთარი პროდუქციის ხარისხზე, ტექნოლოგიაც უფრო დაიხვეწება და ევროპული საწარმოების სტანდარტებს მიუახლოვდება. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი თხილის ბაზრისათვის რუსული ბაზარი გადამწყვეტი არ არის. ქართული ღვინისაგან განსხვავებით, თხილის ბიზნესი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ჩამოყალიბდა. საბჭოთა პერიოდის საქართველოში თხილი არ იყო ისე აღიარებული კულტურა, როგორიც იყო მაგალითად, ჩაი, ციტრუსი, ან ღვინო. ძალიან საინტერესოა თხილის ექსპორტიორებისთვის ჩინეთის ბაზარი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეტანება. საბედნიეროდ, ქართული თხილი უკვე გაიცნო ევროპამაც და ჩინეთმაც. თუ პოლიტიკური სიტუაცია აირევა და რუსეთი ომს გამოგვიცხადებს, ბუნებრივია ყველა ვიზარალებთ, მაგრამ სხვა სანქციები ნაკლებად გვაშინებს: საბედნიეროდ, ჩვენ უფრო სტაბილურ ბაზრებზე დავიმკვიდრეთ თავი, მაგალითად, ისეთზე, როგორიც ევროპისა და ჩინეთის ბაზრებია.

პაატა შეშელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

-ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თუ რუსეთი თავის ძველ პოლიტიკას განაგრძობს, შეიძლება ქართული პროდუქცია უფრო მეტად დაბეგროს, ვიდრე დღეს იბეგრება - ეს ყველაზე რეალური საფრთხეა, მაგრამ ალტერნატივა არის ის, რომ ქართული ნაწარმისათვის ევროპის მიმართულებით უკეთესი პირობები იქმნება. თუ რუსეთი არ ისურვებს, რომ მის ტერიტორიაზე ქართული პროდუქცია შევიდეს, ეს მისი პრობლემაა. და თუ მოსკოვი გადაწყვეტს, რომ ქართული პროდუქცია დაბლოკოს, ჩვენ რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავუპირისპიროთ ის, რომ ქართულ ბაზარზე გაუმჯობესდეს პირობები, რომ მეწარმეებმა კიდევ უფრო იაფად აწარმოონ თავიანთი პროდუქცია და თან, ახალი ბაზრების მოძიებასა და იქ დამკვიდრებაზე იზრუნონ. ეს სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, ერთადერთი და ყველაზე უკეთესი გამოსავალია.

ხათუნა ჩიგოგიძე