„თბილისში ყველა დაუსრულებელ მშენებლობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება“,- ასე ეხმაურება მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი დედაქალაქის მერის მიერ, დაუსრულებელ მშენებლობებებთან დაკავშირებით გაცემულ დავალებას.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს. მან საკუთარ მოადგილეს შესაბამისი გეგმის წარდგენა დაავალა.
„უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. ყველა რაიონშია ასეთი შენობა-ნაგებობები, რაც ერთის მხრივ, ქალაქის იერსახის დამახინჯების თვალსაზრისით წარმოადგენს პრობლემას, მეორეს მხრივ კი, მოქალაქეებსაც უქმნის პრობლემას. შესაბამისად, თუ რამე შეგვეძლება, მზად ვართ დავეხმაროთ სამშენებლო, დეველოპერულ კომპანიებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს,“-განაცხადა კალაძემ.
როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, ამ დროისთვის თბილისში 170-ზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობაა. ყველა ამ პრობლემის მოგვარებას კი, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რადგან თითოეული შენობა სხვადასხვა მიზეზითაა დაუსრულებელი.
„ეს დაახლოებით ისეთი ვითარებაა, ექიმს რომ კითხოთ, 100 ავადმყოფი როგორ მოვარჩინოთო. ყველას სხვადასსხვა პრობლემითაა, ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი და ზოგს კბილი სტკივა. ანალოგიურია დაუსრულებელი მშენებლობების შემთხვევაც, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. შეიძლება ეს შენობები რამდენიმე ძირითად ჯგუფად დაიყოს. მაგალითად, ზოგი მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და პატარა ხელის წაკვრა უნდა, ან ექსპლუატაციაში შესვლა. არის შემთხვევა, როდესაც მოსახლეობას ფული არ შეაქვს იმიტომ, რომ ლიფტი არ არის ჩაყენებული. ანუ, დაახლოებით, 10 000 და 20 000 ლარზეა ხოლმე საუბარი. ამიტომ, თუ დედაქალაქის მთავრობას სურს, მენაშენეთა აცოსიაცია მზად ვართ, ამაში ჩავერთოთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“,-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
რაც შეეხება 2008 წლამდე დაწყებულ მშენებლობებს, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ამბობს, რომ მათი დიდი ნაწილი დღეს დასრულებულია. საუბარია, 2015 წელს მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობები სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ. შესაბამისად, ეს მშენებლობები დღგ-გან გათავისუფლდნენ. სამშენებლო ამნისტია ჯერ 2018 წლის იანვრამდე, შემდეგ კი 2020 წლის იანვრამდე გადავადდა.
„რამდენიმე წლის წინ, როდესაც მთავრობამ დღგ-ს საკითხი გადაწყვიტა, 240 დაუსრულებელი შენობა იყო. მაშინ ძალიან უშველა ამ ამ შეღავათებმა და იმ ობიექტების დიდი ნაწილი დასრულდა. კომპანიების ჭრილში რომ ვისაუბროთ, ძირითადი საკითხები გადაწყდა. მაგალითისთვის, 15 000 „გადაგდებული“ მოსახლიდან, 7000 „ცენტრს პოინტის“ იყო, დანარჩენი სხვადასხვა ორგანიზაციის. ახლა „ცენტრ პონტს“ თუ არ ჩავთვლით, სხვა კომპანიებმა ამ მოქალაქების წინაშე აღებული ვალდებულებები პრაქტიკულად, შეასრულეს. ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილების შედეგი, რომელშიც კიდევ უფრო დიდი როლი გახარიამ შეასრულა, როდესაც იგი ბიზნესომბუდსმენი იყო“,-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი და აღნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ დაწყებული მშენებელობები სხვადასხვა მიზეზით შეჩერდა. „ზოგ შემთხვევაში თავიდანვე არასწორი გათვლა იყო, ზოგიც არასწორი მოლოდინი“,-აღნიშნავს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ნინი ქეთელაური