მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რობოტებს შორის 2020 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს.როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რობოტი ფეხბურთელების პრეზენტაცია ორმოცზე მეტ ქვეყანაში მოხდება.
ქალაქი ბორდო შემთხვევით არ შერჩეულა, სწორედ იქ არის განლაგებული ბორდოს საინფორმაციო ლაბორატორია, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა. სწორედ იქ აწარმოეს საშუალო ზომის რობოტები სახელწოდებით Rhoban, რომლის დახმარებითაც მოიპოვა ქალაქმა აღნიშნული ღონისძიების ჩატარების უფლება.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე საფრანგეთის სახელით სამი გუნდი წარსდგება, ბორდოს გარდა, ასევე ჩაერთვებიან ვერსალის უნივერსიტეტისა და ლიონის გუნდებიც.
ცნობისათვის, რობოტების ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი არაა, ის პირველად 1996 წელს იაპონელებმა ჩაატარეს და მსოფლიოს სპეციალიზირებულ კომპანიებს მოუწოდეს ემუშავათ იმ ტიპის რობოტებზე, რომლებიც სრულიად დამოუკიდებლად წარსდგებიან მოედანზე და დამოუკიდებლადვე მიიღებენ გადაწყვეტილებებს თამაშის განმავლობაში. 2050 წლისთვის „ფიფას“ ყველა წესების დაცვით ამ ტიპის რობოტების გუნდმა ადამიანების გუნდთან თამაში უნდა შეძლოს.
ამ დროისთვის გუნდები ოთხდღიან შეჯიბრზე ხვდებიან ერთმანეთს, რომლის ფარგლებშიც მათ მიერ შექმნილი რობოტები არამხოლოდ ფეხბურთში ვარჯიშობენ არამედ ბუნებრივი კატაკლიზმების პირობებში ადამიანების გადარჩენის შესაძლებლობებს ხვეწენ.
კოკა კვირკველია